ყველა ბავშვს აქვს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა. ამ ბუნებრივი თვისებით იგი სიცოცხლის პირველ წლებში უამრავ ახალ ინფორმაციას ითვისებს. აუცილებელია ამ ცნობისმოყვარეობის სტიმულირება, რათა მან შემოქმედებითი ხასიათი მიიღოს.
როგორ უნდა გავუღვიძოთ ბავშვს ცნობისმოყვარეობა, რომ სწავლის სურვილი მას მთელი სიცოცხლე გაჰყვეს.
ფსიქოლოგთა რჩევით, ყურადღებით უნდა მოვისმინოთ ბავშვის შეკითხვები და მათ ხალისით ვუპასუხოთ. ბავშვის ყველა შეკითხვა იმსახურებს პასუხს. როცა ბავშვი კითხვაზე პასუხს ვერ იღებს ან მას პასუხი არ აკმაყოფილებს, შესაძლოა მას შეკითხვების დასმის სურვილი გაუქრეს, რაც მის განვითრებაზე უარყოფითად აისახება. პასუხი აუცილებელია, მაგრამ ის უნდა შეესატყვისებოდეს ბავშვის ასაკს, იყოს მარტივი და მოკლე.
ბავშვისთვის ექსპერიმენტები აუცილებელია, თუმცა უფროსებს ეს ყოველთვის არ ესმით. მშობლებმა და პედაგოგებმა თავი უნდა შეიკავონ, როცა პატარა წესრიგსა და მყუდროებას არღვევს, რათა მათ სამყაროს შესწავლის სურვილი არ დაკარგონ.
აჩვენეთ ბავშვს სამყარო. მუზეუმი, სათამაშო მოედანი, გუბე, სათამაშოების მაღაზია, პარკი, ზოოპარკი, ხალხმრავალი ქუჩა – ბავშვისთვის ყველაფერი საინტერესოა. გაუზიარეთ ბავშვს საკუთარი დაკვირვებები და ხშირად დაუსვით შეკითხვები.
მიეცით ბავშვს მრავალფეროვანი შთაბეჭდილების მიღების საშუალება. მან უნდა იქანაოს საქანელაზე, ჩამოსრიალდეს გორაკიდან, იჭყუმპალაოს აუზში, დარგოს ყვავილები, ითამაშოს ბურთი, მოზილოს ცომი, ხატოს ცარცით, თითი მიაჭიროს ზარს... შეძენილი გამოცდილება თავისთავადაც ფასეულია, მაგრამ უფროსების კომენტარები მას უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს.
სტიმული მიეცით ბავშვის იმპროვიზაციას. ბავშვი სწავლობს არა მარტო რეალური, არამედ წარმოსახვითი სამყაროდანაც, რომელიც წიგნების, ფილმების, ტელეგადაცემების წყალობით სულ უფრო მეტად ვითარდება. ამ თვალსაზრისით ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია. თამაშის დროს ბავშვი შეიძლება იქცეს მოზრდილ ადამიანად, ციყვად, ჩექმებიან კატად თუ ჩიპოლინოდ, ერთი სიტყვით, რადაც მოისურვებს.
ნუ წაახალისებთ ბავშვს, ხშირად და დიდხანს უყუროს ტელევიზორს. ტვინის დასვენების უმარტივესი გზა სწორედ ტელევიზორის გამორთვაა. მართალია, ბავშვს შეუძლია ზოგიერთი საბავშვო გადაცემიდან სასარგებლო ინფორმაციაც მიიღოს, მაგრამ ეს მხოლოდ პასიური სწავლაა. ის ბავშვს დამოუკიდებლად სწავლის ჩვევას ვერ შესძენს, არ აქცევს მას შემეცნებითი პროცესის აქტიურ მონაწილედ. ბავშვები, რომლებიც ტელეეკრანებიდან სწავლობენ, ეჩვევიან იმ აზრს, რომ ყველა პასუხი მათთან მზა სახით მივა. ასეთი პატარებისგან ცნობისმოყვარე მოსწავლე არ დადგება, მათ არ სურთ საკუთარი აღმოჩენების გაკეთება.
აქციეთ სწავლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. ეს სულ მცირე ძალისხმევითაც მიიღწევა.
ბავშვი გართობით უნდა სწავლობდეს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მას აიძულებენ სწავლას, საყვედურობენ ან დასცინიან წარუმატებლობის გამო, აძლევენ ასაკისთვის შეუფერებელ დავალებებს, მას სწავლა კი არ შეუყვარდება, არამედ შეეშინდება მისი.
მიეცით ბავშვს მაგალითი. მოზარდმა უნდა გაიგოს, რომ უფროსებსაც უყვართ გარესამყაროს კვლევა, რომ ისინიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობენ. სწავლის სურვილი გადამდებია.
|
No comments:
Post a Comment