Monday, December 21, 2015

ავთენტური შეფასება

რა განასხვავებს ავთენტურ შეფასებას უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული ტესტირებისაგან და რა არის ავთენტური შეფასების უპირატესობა?
თანამედროვე განათლების მიზანი არ არის, რომ მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ ახსოვდეს მხოლოდ მშრალი ფაქტები, რომლებიც სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოებიდან დაისწავლა. მისი უმთავრესი მიზანია, რომ მოსწავლე ცოდნასთან ერთად დაეუფლოს ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევებსაც. შესაბამისად, შეფასებაც, როგორც სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილი და აუცილებელი კომპონენტი, მაქსიმალურად უნდა ასახავდეს, რამდენად შეუძლია მოსწავლეს ნასწავლის გამოყენება ავთენტურ სიტუაციებში. თუკი მოსწავლეს კარგი მაჩვენებლები აქვს ტესტებში, ეს, ბუნებრივია, გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ მას ამ ცოდნის გამოყენება შეუძლია, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა ავირჩიოთ მოსწავლის შეფასების ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც არაპირდაპირი გზით გვაძლევს ინფორმაციას მის შესახებ, როდესაც შეგვიძლია პირდაპირი გზით შევამოწმოთ მის მიერ ცოდნის გამოყენების უნარი?
თანამედროვე განათლების სისტემების კიდევ ერთი უმთავრესი პრინციპი მოსწავლეთა თანაბარუფლებიანობაა. იმისათვის, რომ თითოეულ მოსწავლეს მივცეთ სათანადო განათლება, რომელიც მის საჭიროებებზეა მორგებული, აუცილებელია, დავინახოთ, მივიღოთ და გავაცნობიეროთ მათ შორის არსებული განსხვავებები.
არსებობს მოსაზრება, რომ ტესტირება შეფასების ყველაზე სამართლიანი ფორმაა, რადგან იგი თანაბარ პირობებში აყენებს ყველა მოსწავლეს. მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ერთგვაროვანი (მთლიანად უნიფიცირებული), სტანდარტიზებული, ინდივიდუალიზმს მოკლებული შეფასება იყოს ბოლომდე სამართლიანი? განათლების სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეფასება სამართლიანია მაშინ, როცა იგი ინდივიდზეა მორგებული, ბუნებრივია, მოქნილია და შესაძლებელია მისი მოდიფიცირება კონკრეტული უნარების გამოსაკვეთად, ასევე, როცა იგი ხელს უწყობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
ავთენტური შეფასება თვითგამოხატვისა და ცოდნის წარმოჩენის მრავალ განსხვავებულ საშუალებას იძლევა. ბუნებრივია, ყველა მოსწავლეს (ისევე, როგორც ყველა ადამიანს) აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. შესაბამისად, ისინი განსხვავებულები არიან როგორც სწავლაში, ისე საკუთარი ცოდნის წარმოჩენის თვალსაზრისითაც. შესაფასებლად მხოლოდ ტესტების შეთავაზება, ცხადია, არ იძლევა ამ განსხვავებების იდენტიფიცირების საშუალებას. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ტესტირებას, როგორც შეფასების ინსტრუმენტს, აქვს დადებითი მხარეც – მისი საშუალებით ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე საკითხებში ერთი და იმავე მეთოდით მოწმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ა) იგი უფრო კარგად იძლევა მოსწავლეთა შედარების საშუალებას და ბ) მისი საიმედოობის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ტიპის შეფასებებისა. თუმცა ტესტის წარმატებით ჩაბარებას, გარდა ცოდნისა, სხვა სპეციფიკური უნარებიც სჭირდება. ჩვეულებრივ, უკეთესი შედეგები აქვს მას, ვინც უკეთ უღებს ალღოს ამ ტიპის სამუშაოს, არის სწრაფი, ან უბრალოდ გაწაფულია ტესტების შევსებაში. ფაქტია, რომ ტესტირება არ აძლევს მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და უნარების მათთვის უფრო ხელსაყრელი, კომფორტული ფორმით დემონსტრირების საშუალებას.
ცალკეული უნარ-ჩვევის ან დამახსოვრებული ფაქტის განცალკევებულად შემოწმება ტესტების საშუალებით საკმარისად ვერ აფასებს მოსწავლის რეალურ შესაძლებლობებსა და პოტენციალს. იმისათვის, რომ რეალურად გავიგოთ და შევაფასოთ, თუ რა აითვისა, რა ისწავლა მოსწავლემ სკოლაში, შეფასების ისეთი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს მისი უნარები არა იზოლირებულად, არამედ ერთობლიობაში. ტერმინი "ავთენტური შეფასება" თავის თავში მოიცავს შეფასების ფორმათა მრავალფეროვნებას, რომელიც ადეკვატურად წარმოაჩენს მოსწავლის მიერ შეძენილ ცოდნას, მის მიღწევებს, მოტივაციასა და დამოკიდებულებას საკლასო აქტივობების მიმართ.
ავთენტური შეფასება ბუნებრივ გარემოს უქმნის მოსწავლეებს შეძენილი ცოდნისა და უნარების წარმოსაჩენად. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ზრდასრული ადამიანი ატარებს კვლევას ან ექსპერიმენტს იმ სფეროში, რომელშიც ის მოღვაწეობს. როგორ მუშაობს იგი? ხარჯავს იმდენ დროს, რამდენიც სჭირდება; დროს ანაწილებს საკუთარი შეხედულებისამებრ; საჭიროების შემთხვევაში, იყენებს შესაბამის რესურსებს; გადაამოწმებს ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა კარგად არ ახსოვდეს, ან იღებს ახალ, კონკრეტული მიზნისთვის საჭირო ცოდნას/ინფორმაციას; წერს რამდენიმე ვერსიას, ცვლის, გადაწერს მას და ა.შ. ახლა კი წარმოვიდგინოთ ტესტირების პროცესი, რომლის დროსაც მოსწავლე სრულიად ხელოვნურ გარემოშია მოხვედრილი, სამუშაო დროც ხელოვნურადაა შემოსაზღვრული, ხოლო საკუთარი ცოდნისა თუ მიღწევების დასადასტურებლად უწევს შეთავაზებული პასუხებიდან ერთ-ერთის არჩევა ან ფაქტების გახსენება, ზეპირად დამახსოვრებული ციტატების მოხმობა და ა.შ. ცხადია, შეფასების ამგვარი მოდელი ნაკლებად წარმოაჩენს მის რეალურ ცოდნასა და უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ავთენტური შეფასების ზოგიერთი ფორმის გამოყენება შესაძლებელია საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდეს, ეს ძალისხმევა გამართლებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეები ნაკლებად კომფორტულად გრძნობენ თავს ტესტირებისას, ღელავენ იმის გამო, რომ ტესტზე სამუშაოდ განკუთვნილი დრო შეზღუდულია და უჭირთ ამ დროში ჩატევა.
ავთენტური შეფასება აერთიანებს სამ ძირითად კომპონენტს – სწავლებას, სწავლასა და შეფასებას, რაც მას განასხვავებს ე.წ. უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული ტესტირებისაგან. ტესტირების მოდელი უმეტესად განაცალკევებს ერთმანეთისაგან სწავლა-სწავლებისა და შეფასების პროცესებს, ანუ ტესტირება ტარდება მას შემდეგ, რაც ივარაუდება, რომ მოსწავლეები დაეუფლნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს. ავთენტური შეფასება კი მოსწავლეებს სასწავლო პროცესში სთავაზობს ავთენტური ტიპის დავალებებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია შემოწმდეს, თუ რამდენად შეუძლია მას გამოიყენოს მიღებული ცოდნა და უნარები სხვადასხვა ცხოვრებისეულ კონტექსტში. ის ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესზე დაკვირვებასა და მის კორექტირებაში.
თუმცა მიგვაჩნია, რომ არ ღირს განსხვავებებზე აქცენტის გაკეთება, რადგან ავთენტური შეფასება ავსებს და ამდიდრებს ტესტირების ტრადიციული შეფასების მოდელს და მასწავლებლებიც, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, ხშირად იყენებენ მას. ასე რომ, არ არის აუცილებელი, მასწავლებელმა არჩევანი გააკეთოს ერთ-ერთის სასარგებლოდ. შეფასების ორივე მოდელი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში.
გთავაზობთ ავთენტური შეფასების რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ ფორმას:
ზეპირი გასაუბრება – მასწავლებელი უსვამს მოსწავლეს კითხვებს და აძლევს მას საშუალებას, ისაუბროს საკუთარი თავის, გამოცდილების, საქმიანობის, საყვარელი წიგნების, ზოგადად, ინტერესების შესახებ. ამ დროს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა არაფორმალური და დაუძაბავია, მასწავლებელს კი შეუძლია გაარკვიოს მოსწავლის შესაძლებლობები და განსაზღვროს მისი საჭიროებები.
ზეპირი და წერილობითი აქტივობები – მოსწავლეები საკუთარი სიტყვებით ზეპირად გადმოსცემენ ან ჰყვებიან წაკითხულ/მოსმენილ ტექსტს, ან წერილობით განიხილავენ მას, ასევე ქმნიან სხვადასხვა ტიპის ტექსტებს. ეს აქტივობები კომპლექსური და, ამავდროულად, მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით შეფასების საშუალებას იძლევა.
პროექტები/პრეზენტაციები/გამოფენები – მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფებში. ამ ტიპის აქტივობებით კარგად არის შესაძლებელი როგორც პროცესის, ისე პროდუქტის შეფასება. გარდა ზეპირმეტყველებითი და წერითი უნარებისა, მოსწავლეებში მკაფიოდ ვლინდება მათი სააზროვნო და შემოქმედებითი შესაძლებლობებიც, რაც ასევე მათი კომპლექსური, მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით შეფასების საშუალებას იძლევა.
ექსპერიმენტები – მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტს და ახდენენ პროცესის დემონსტრირებას. ამ ტიპის აქტივობები, საგნობრივ ცოდნასთან ერთად, იძლევა ზეპირი პრეზენტაციის, წერილობითი ანგარიშის შექმნის, სააზროვნო უნარების შეფასების შესაძლებლობასაც.
ღია ტესტური კითხვები – მოსწავლეები წერილობით პასუხობენ ტესტურ კითხვებს. კონკრეტულ შინაარსთან ერთად შესაბამისი რუბრიკებით შეიძლება შეფასდეს წერისა და სააზროვნო უნარებიც.
მასწავლებლის დაკვირვება _ მასწავლებელი აკვირდება თითოეულ მოწავლეს, რამდენად ყურადღებით არის ის გაკვეთილზე, როგორ ითვისებს მასალას, აუმჯობესებს თუ არა შედეგებს, როგორ კომუნიკაციას ამყარებს თანაკლასელებთან და ა.შ. ამგვარი დაკვირვების წარმოება, ზოგადად, სასარგებლოა და ხელს უწყობს სასწავლო გარემოს ადეკვატურად შეფასებასა და გაუმჯობესებას.
პორტფოლიოების წარმოება – მასწავლებელი თავს უყრის მოსწავლის ნაშრომებს იმ მიზნით, რომ აჩვენოს მისი წინსვლა (ან, პირიქით, ჩამორჩენა) დროთა განმავლობაში. პორტფოლიოს წარმოება შეფასების სასარგებლო და მოსახერხებელი საშუალებაა, რადგან იგი იძლევა სრულყოფილ სურათს მოსწავლის შესახებ.
რა არის საჭირო ავთენტური შეფასებისათვის?
როგორც აღვნიშნეთ, მასწავლებელთა უმეტესობა იყენებს ავთენტური დავალებების საკმაოდ დიდ რეპერტუარს სასწავლო პროცესში, მაგრამ შეფასების ამ მოდელის ეფექტიანად ასამუშავებლად საჭიროა რამდენიმე აუცილებელი პირობის დაკმაყოფილება. ესენია:
თავად ავთენტური დავალების მომზადება. დავალება მაშინ ჩაითვლება ავთენტურად, თუკი ა) იგი მოსწავლეებისგან მოითხოვს პასუხის დამოუკიდებლად დაწერას (და არა შეთავაზებული პასუხებდან ერთ-ერთის არჩევას); ბ) დავალება ზედმიწევნით ეხმიანება პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც რეალურ ცოვრებაში უწევს ადამიანს;
სტანდარტის შექმნა. ეს არის ჩამონათვალი, თუ რა უნდა იცოდეს მოსწავლემ და რა უნდა შეეძლოს მას. ამგვარი სტანდარტი, ცხადია, უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და, ამავე დროს, მასში გაწერილი თითოეული მიზანი უნდა იძლეოდეს მაქსიმალურად ობიექტური შეფასების საშუალებას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლებელი უნდა იყოს მისი გაზომვა;
შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ეს გულისხმობს კარგად შესრულებული დავალების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრასა და აღწერას. მაგალითად, დამარწმუნებელი ესეის შეფასების კრიტერიუმების ფორმულირება შეიძლება შემდეგნაირად: ნაწერი კარგად არის ორგანიზებული, სათქმელი მკაფიოდ არის გადმოცემული, საკმარისი არგუმენტებია მოყვანილი საკუთარი მოსაზრების/პოზიციის დასასაბუთებლად;
შეფასების სქემის გაწერა შესაბამისი ქულების გრადაციით. რუბრიკაში წარმოდგენილი უნდა იყოს, სულ ცოტა, ორი კრიტერიუმი მაინც, რომელთა მიხედვითაც უნდა შეფასდეს მოსწავლის ნამუშევარი, ასევე აღწერილი უნდა იყოს ორი დონე მაინც თითოეული კრიტერიუმისათვის.
ცალკე განხილვის თემაა მოსწავლეთა პორტფოლოები, რომელთაც ავთენტური შეფასების ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევენ (თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს).
რა არის მოსწავლის პორტფოლიო?
მოსწავლის პორტფოლიო მრავალი ფორმით შეიძლება არსებობდეს. რაც მთავარია, ეს არ არის უბრალოდ გროვა მოსწავლის მიერ სემესტრის ან წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებისა. ისინი მიზნობრივად არის შერჩეული და თავმოყრილი იმის მიხედვით, თუ რას მოგვითხრობს კონკრეტული მოსწავლის შესახებ.
ამასთანავე, ამგვარი პორტფოლიოების მეშვეობით სკოლას შეუძლია უფრო მასშტაბური სურათის დანახვა, ანუ სხვადასხვა საგანში მოსწავლის მიერ განვლილი გზის, მისი მიღწევების შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვება და შეჯერება. მეტიც, უფრო დახვეწილი პორტფოლიოები შეიცავს თავად მოსწავლეების კომენტარებსა და მოსაზრებებს. ისინი აფასებენ საკუთარ ნამუშევრებს და ამის საფუძველზე, სახავენ სამომავლო მიზნებს. თვითშეფასება და მიზნის განსაზღვრა _ ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი ავთენტური უნარი, რომელთა განვითარებაც აუცილებელია ადამიანის წარმატებული საქმიანობისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე.

Monday, December 14, 2015

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები

 სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები
თარიღი: 14 დეკემბერი 2015
ავტორი: ვიქტორია უშანგიშვილი
2012 წელს 100 000 ამერიკელ მოსწავლეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მცდარი დიაგნოზი დაუდგინდა. ქართულ სკოლებშიც სულ უფრო ხშირად ისმის ეს ტერმინი. ამ სინდრომის მაჩვენებლებიდან რამდენიმე - პრობლემები დავალებებზე კონცენტრირებისას, ყურადღების გაფანტვა, მოუსვენრობა - ერთობლიობაში აგრეთვე მოწყენილობის სიმპტომებია, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუკი მას საათობით მისთვის უინტერესო, გაუგებარ, უმიზნო საკითხებზე ყოველგვარი თვალსაჩინოების, ყურადღების გადართვის საშუალების გარეშე, მონოტონურად ესაუბრებიან. ჩვენი მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი ხშირად სწორედ ასე გამოიყურება, რადგან მათ გააჩნიათ კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების უწყვეტი და მრავალფეროვანი წყაროები, ცხოვრობენ მოულოდნელობით აღსავსე კონკურენტულ გარემოში, რომელიც კონკრეტული საკითხების ცოდნასთან ერთად (და ზოგჯერ მეტადაც) მოითხოვს კარგად განვითარებულ კომპლექსურ უნარებს, როგორიცაა დროის მართვა, მოქნილობა, პრობლემის გადაჭრა, კვლევა, ლიდერობისა და ამავდროულად გუნდური მუშაობის უნარი და ა.შ. ჩვენი მოსწავლეები შესანიშნავად გრძნობენ სამყაროს მოთხოვნებს და იმას, რომ ხშირად საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესი არანაირ შესაბამისობაში არ მოდის მათთან.
განათლების განვითარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწვეული რადიკალური ცვლილებები, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის განათლების განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლას, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებას, სწავლება-სწავლის პროცესში ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას, განათლების ინდივიდუალიზაციას - მოსწავლეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. განათლების სისტემაში ცვლილებების წარმატებით განხორციელება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიული განვითარება.
ნებისმიერი პედაგოგისათვის გასაგებია, რომ საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა მუდმივი რეფლექსია და არა ფრაგმენტული და ქაოსური ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების ტრადიციულ მოდელთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელს. მაშინ, როცა ტრადიციული მოდელი წარმოადგენს ტრენინგისა და/ან სემინარის ერთჯერად სესიას (საუკეთესო ვარიანტში სესიათა ერთობლიობას) და ძირითადად მიმართულია მასწავლებლის ცოდნისა და ზოგადი უნარების გამოვლენასა და გაუმჯობესებაზე, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება წარმოადგენს მრავალფეროვანი აქტივობებისაგან შემდგარ უწყვეტ პროცესს, რომელიც სასწავლო ჯგუფებში ხორციელდება. მასწავლებლები კვლევითი პროექტების მეშვეობით წყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც არსებითად ცვლის სასწავლო პროცესს და დადებითად აისახება მოსწავლის დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
დაკვირვებებზე და რეფლექსიაზე დაყრდნობით, შემიძლია გამოვყო რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დანერგვის საშუალებას იძლევიან და მის ეფექტიანობას განაპირობებენ.
ერთ-ერთ გამოსვლაში კენ რობინსონი ამბობდა: „განათლების სისტემაში ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი არაა უბრალოდ ვუთხრათ მასწავლებელს, რომ საჭიროა სტანდარტიზებული ტესტების შედეგების გაუმჯობესება. მან თავად უნდა იგრძნოს ცვლილებების საჭიროება. და ვიდრე არ გაჩნდება ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდა, ვერ მოხერხდება მასშტაბური ცვლილებების განხორციელება". ჩემი აზრით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის წარმატებით დანერგვის აუცილებელი, თუმცა, ბუნებრივია, არასაკმარისი პირობა სწორედ ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდის არსებობაა - თანამოაზრეობა უზრუნველყოფს თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ცვლილებების საჭიროების გააზრება - მოქმედებას ცვლილებების განსახორციელებლად. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სხვა მექანიზმები თანამშომლობითი გარემოს განუყოფელი შემადგენელი ნაწილებია:

- სამუშაო ჯგუფში ლიდერის არსებობა - ავტორიტეტული კოლეგის, რომელიც თანაბრად ინაწილებს ჯგუფის წევრების მიერ განსახორციელებელ საქმიანობებს, ადგენს ამა თუ იმ აქტივობის კონკრეტული საფეხურის დასრულების ვადებს, ყოველთვის თანმიმდევრული და სამართლიანია, ახარებს კოლეგათა მცირე წარმატებები და ეხმარება სირთულეების გამოვლენასა და დაძლევაში;
- სამოქმედო გეგმის შედგენისას სკოლაში ან/და სამუშაო ჯგუფში არსებული კულტურის გათვალისწინება, რაც ნიშნავს ზუსტად იგრძნო კონკრეტული კოლეგისა თუ კოლექტივის მზადყოფნა შენ მიერ შეთავაზებული სიახლეების გასაზიარებლად და მათში აქტიური მონაწილეობის მისაღებად;
- საკუთარი და კოლეგების ძლიერი მხარეების გათვალისწინება და გამოყენება პროფესიული განვითარების დაგეგმვისას.
სკოლაში ასეთი მექანიზმების არსებობა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი პროფესიული ურთიერთობების დამკვიდრებას განაპირობებს. მასწავლებელთა მცირე ჯგუფებში ჩამოყალიბებული კულტურა მომავალში სკოლის კულტურად იქცევა, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. განსხვავებული ხედვებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით მასწავლებლები შექმნიან ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს მიუახლოვდება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ დაინტერესებას და აგვარიდებს არასწორ დიაგნოზზე აგებულ სტატისტიკას.



გამოყენებული ლიტერატურა და დამხმარე რესურსები:
1.მ.ბოჭორიშვილი, მ.ინასარიძე. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. პრაქტიკული გზამკვლევი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2014.

კლასში არასასურველ ქცევასთან გამკლავება

ცვატა ბერძენიშვილი- კლასში არასასურველ ქცევასთან გამკლავება


რაც უნდა წარმატებით ართმევდეთ თავს დადებითი საქციელის წახალისებას, ყოველთვის დგება მომენტი, როცა არასასურველთან გამკლავებაც გიწევთ. შესაძლოა იმიტომ, რომ სხვა მეთოდები არ ამართლებს, ან იმიტომ, რომ თავად ქცევაა სახიფათო და უშუალო რეაგირებას ითხოვს. გამოსავლად გვევლინება უარყოფითი განმტკიცება, მოყირჭება, შენიშვნის მიცემა.

უარყოფითი განმტკიცება. უარყოფითი განმტკიცების ძირითადი პრინციპი ასეთია: თუ მოქმედება აჩერებს ან თავიდან იცილებს რაიმე უსიამოვნოს, მაშინ ამგვარ სიტუაციაში ეს მოქმედება კვლავ იჩენს თავს. უარყოფითი განმტკიცება მოქმედებს კლასში, სადაც მოსწავლეები წუწუნებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რითაც თავიდან იცილებენ ტესტს ან რაიმე სხვას, მათთვის უსიამოვნოს. ამრიგად, უარყოფითი განმტკიცებით მათ შეუძლიათ ისწავლონ მეტი წუწუნი და ჩივილი მომავალში.
ნეგატიური განმტკიცება შეიძლება სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლადაც იქნეს გამოყენებული. თქვენ შეგიძლიათ შეუქმნათ მოსწავლეებს უსიამოვნო სიტუაცია, საიდანაც თავის დაღწევა მათ კარგი საქციელის მეშვეობით შეეძლებათ. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:
* მასწავლებელი მიმართავს მესამეკლასელებს: „როცა ყველაფერი თავის ადგილზე იდება და თქვენც წყნარად ისხდებით მერხებთან, გავალთ გარეთ. მანამდე შესვენებაზე ვერ გახვალთ".
* მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს, რომელიც იშვიათად ასრულებს საკლასო დავალებებს: „როგორც კი დავალებას შეასრულებ, შეგიძლია შეუერთდე კლასს სპორტულ დარბაზში, მაგრამ სანამ მუშაობ, საკლასო ოთახში უნდა დარჩე".
შესაძლოა გაგიკვირდეთ, რატომ არ მიიჩნევა ზემოთ განხილული უარყოფითი განმტკიცების მაგალითები სასჯელად. ცხადია, დასვენებისას კლასში დარჩენა და სპეციალური პროგრამის გაცდენა მაშინ, როცა მთელი შენი კლასი ესწრება მას, ნამდვილად სასჯელია. მაგრამ თითოეულ ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია განსაზღვრული ქმედების განმტკიცებაზე (საკლასო ოთახის მილაგებასა და საკლასო სამუშაოს დასრულებაზე). მასწავლებელი განამტკიცებს ქცევას გამაღიზიანებელი, არასასურველი „სასჯელის" დასრულებით, როგორც კი თავს იჩენს სასურველი ქცევა. ვინაიდან შედეგები გულისხმობს სტიმულის ჩამოშორებას, „გამოკლებას", განმტკიცება უარყოფითია.
გარდა ამისა, უარყოფითი განმტკიცება მოსწავლეს აძლევს კონტროლის შანსს. დასვენების გაცდენა და კლასისგან ჩამორჩენა, მართალია, არასასიამოვნოა, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში მოსწავლეები ინარჩუნებენ კონტროლს. როგორც კი ისინი სათანადოდ მოიქცევიან, უსიამოვნო სიტუაცია დასრულდება. ამისგან განსხვავებით, სასჯელი ფაქტის შემდეგ იწყებს მოქმედებას და მოსწავლეს არ შეუძლია მისი ასე ადვილად კონტროლი და განსაზღვრა.
უარყოფით განმტკიცებას რამდენიმე წესი აქვს: აღწერეთ სასურველი ცვლილება პოზიტიურად. არ მოიტყუოთ. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ უსიამოვნო სიტუაციის გაძლიერება. ჩივილის მიუხედავად, მიჰყევით ბოლომდე. მოითხოვეთ ქცევა და არ დასჯერდეთ პირობას. თუ უსიამოვნო სიტუაცია სრულდება, როცა მოსწავლე გპირდებათ მომავალში უკეთ მოქცევას, ამით პირობის მიცემას განამტკიცებთ და არა ქცევას.
მოყირჭება-სატიაცია. პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი საშუალებაა, დაჟინებით მოითხოვოთ, რომ მოსწავლემ განაგრძოს მოქმედება, სანამ ამის კეთებით არ დაიღლება. ამ პროცესს ეწოდება სატიაცია - მოყირჭება. ის ძალიან ფრთხილ მიდგომას მოითხოვს - დაძალება, რომ დიდხანს აკეთოს რაღაც, მოსწავლისთვის შესაძლოა ემოციურად და ფსიქოლოგიურად საზიანო ან სახიფათო აღმოჩნდეს.
სიტუაციის შესაფერისი გამოყენების მაგალითი: 
* მეცხრე კლასის ალგებრის გაკვეთილზე მასწავლებელმა მოულოდნელად შეამჩნია, რომ ოთხი მოსწავლე უცნაურ მოძრაობებს ასრულებდა. მასწავლებლის დაჟინებული კითხვების შემდეგ მათ ბოლოს და ბოლოს აღიარეს, რომ კენწლავდნენ წარმოსახვით ბურთებს. მასწავლებელმა თავი მოიკატუნა, თითქოს ამ ახალ იდეას ენთუზიაზმით შეხვდა და შესთავაზა კლასს, ეს ყველას გაეკეთებინა. თავდაპირველად კლასში სიცილი და ხუმრობა გაისმა, მეორე წუთს კი ხმაური შეწყდა და ერთმა მოსწავლემ თავიც დაანება წარმოსახვითი ბურთებით „თამაშს", მაგრამ მასწავლებელმა დაიჟინა, რომ ყველას გაეგრძელებინა თამაში. ხუთი წუთის შემდეგ მასწავლებელმა მათ გაჩერების უფლება მისცა. მას შემდეგ წარმოსახვითი ბურთი კლასში არავის აუკენწლავს.
მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეს იმდენ ხანს აცადოს რამის კეთება, სანამ ის თავად არ გაჩერდება, თუ, რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უშლის კლასის საქმიანობას; შეიძლება უბრალოდ უგულებელყოს მისი ქცევა. გახსოვდეთ: ისეთ ქცევაზე რეაგირებით, რომლის იგნორირებაც შესაძლებელია, შესაძლოა ეს ქმედება განამტკიცოთ კიდეც.
სატიაციის საშუალებით მასწავლებელი უნდა ეცადოს, არ დანებდეს, სანამ მოსწავლეები არ დანებდებიან. ალგებრის მასწავლებელს რომ ეიძულებინა ბავშვები, 500-ჯერ დაეწერათ ფურცელზე: „მე აღარასოდეს ავკენწლავ წარმოსახვით ბურთს", - მოსწავლეები წერით იჯერებდნენ გულს და არა ბურთის თამაშით.
საყვედური. ციტატა ერთი მეოთხეკლასელის თხზულებიდან „რატომ მომწონს სკოლა": „მე ჩემი მასწავლებელიც მომწონს. ის მეხმარება გაგებასა და სწავლაში. ის ყველას კარგად ექცევა. მე მომწონს, რომ როცა ის ვინმეზე ბრაზდება, ყველას წინაშე კი არ უყვირის, არამედ ცალკე ელაპარაკება ხოლმე".
ხელის შემშლელი საქციელის შესამცირებლად რბილი, მშვიდი და პირადი შენიშვნები უფრო ეფექტურია, ვიდრე ხმამაღალი და საჯარო. კვლევებმა ცხადყო, რომ თუ შენიშვნა ხმამაღალია და ის მთელ კლასს ესმის, ხელის შემშლელი საქციელი ძლიერდება ან მუდმივ ხასიათს იღებს. ზოგ მოსწავლეს მოსწონს, როდესაც ცუდი საქციელით ყურადღებას იპყრობს ან არ მოსწონს, როცა თანაკლასელები ხედავენ, როგორ „მარცხდება" მასწავლებელთან. თუ მოსწავლე არ არის ჩვეული შენიშვნებს, თუ კლასში, საზოგადოდ, თბილი და პოზიტიური ატმოსფეროა, მაშინ ის ძალიან სწრაფად რეაგირებს პირად შენიშვნებზე.
სასჯელი თავისთავად არ იწვევს პოზიტიურ ქცევას. მკაცრმა სასჯელმა შესაძლოა აფიქრებინოს მოსწავლეს, რომ „ძლიერია მართალი" და შურისძიების სურვილი გაუღვივოს. ამრიგად, როცა მოსწავლის დასჯაზე ფიქრობთ, ამას ორი მიზანი უნდა ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს სასჯელი, რომელიც შეაჩერებს არასასურველ მოქმედებას; მეორე მიზანი კი ის არის, რომ აუხსნათ მოსწავლეს, როგორ უნდა იქცეოდეს და წააქეზოთ სწორი საქციელი. ასეთი მოქმედებით პრობლემური ქცევა ითრგუნება, პოზიტიური ალტერნატივა კი ძლიერდება. თანამედროვე მიდგომები განსაკუთრებით უსვამს ხაზს პოზიტიური საქციელის წახალისებას.
რეკომენდაციები სასჯელის გამოყენების თაობაზე:
* ყურადღება გაამახვილეთ მოსწავლის ქმედებაზე და არა მის პირად თვისებებზე.
* მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თავი აარიდონ არასასიამოვნო სიტუაციას (დამატებითი სავარჯიშოების შესრულება, ყოველკვირეული ტესტირება), როცა მიაღწევენ კომპეტენციის განსაზღვრულ დონეს.
* ნუ მისცემთ მოსწავლეებს უფლებას, შეთანხმების პირობები შეგაცვლევინონ.
* ნუ გააძლიერებთ უნებლიეთ იმ საქციელს, რომლის დასჯასაც ცდილობთ. კონფრონტაციას ნუ გაახმაურებთ, რათა მოსწავლეები არ გახდნენ „გმირები" კლასის თვალში მასწავლებელთან დაპირისპირების გამო.
* ეცადეთ, მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, რა მოჰყვება საკლასო წესების დარღვევას. ამისთვის უმცროსკლასელებს ჩამოუწერეთ ძირითადი საკლასო წესები, უფროსკლასელებს კი ეს წესები და მათი დარღვევის შესაძლო შედეგები სილაბუსებში ჩამოუთვალეთ.
* უთხარით მოსწავლეებს, რომ სასჯელამდე ისინი მხოლოდ ერთ გაფრთხილებას მიიღებენ. მშვიდად გააფრთხილეთ და განაგრძეთ გაკვეთილი.
* ეცადეთ, სასჯელი შეძლებისდაგვარად მყისიერი იყოს.
* შენიშვნა მიეცით მშვიდი, მაგრამ მკაცრი ხმით.
* ერიდეთ შურისმგებლურ და სარკასტულ ტონს. ამ თქვენს ინტონაციას შესაძლოა მოსწავლეების იმიტაციით მოჰკრათ ყური.
* ხაზი გაუსვით პრობლემური ქცევის გამოსწორების აუცილებლობას და არა მოსწავლისადმი თქვენს პირად ანტიპათიას.
* უმნიშვნელო დარღვევას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, შეაჩერეთ ეს საქციელი მზერით ან უბრალოდ მიუახლოვდით მოსწავლეს, რომელიც ხელს გიშლით.
* დარწმუნდით, რომ სასჯელი დანაშაულს შეესაბამება - ნუ წაართმევთ მოსწავლეს დამსახურებულ თავისუფალ დროს წესების მხოლოდ ერთხელ დარღვევისთვის.
* ნუ გამოიყენებთ სასჯელად საშინაო დავალებას ისეთი საქციელისთვის, როგორიცაა საკლასო ოთახში საუბარი.
* თუ პრობლემური საქციელი დიდხანს გრძელდება, გააანალიზეთ სიტუაცია და გამოიყენეთ ახალი მიდგომა. შესაძლოა, თქვენი სასჯელი არ იყო სერიოზული ან მოქმედებას არაადეკვატურად აძლიერებდა.

Saturday, December 12, 2015

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება - სწავლების შედეგზე ორიენტირებული არჩევანი

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება - სწავლების შედეგზე ორიენტირებული არჩევანი


იოსებ ნონეშვილმა თქვა: „ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“. რთულია არ დაეთანხმო. ასევე რთულია იყო XXI საუკუნის მასწავლებელი, შეძლო მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
თანამედროვე სწავლების მეთოდების უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, არის კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად მისი მთავარი პრინციპი, ისევე, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრინციპი, არის მოვლენათა გამომწვევი უცნობი მიზეზების მუდმივი ძიება და კვლევა.  
სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის დანერგვა მოსწავლეებს უვითარებს ისეთ უნარებს, რომელთა საშუალებითაც მარტივად ახდენენ პრობლემის იდენტიფიკაციას; სვამენ კითხვებს; ახდენენ ჰიპოთეზის ფორმულირებას, განსაზღვრავენ ექსპერიმენტის მსვლელობის ეტაპებს; ახდენენ მონაცემთა შეგროვებას და ანალიზს; გამოაქვთ დასკვნები შესასწავლი საკითხის შესახებ.
„სწავლა არის პროცესი, სადაც ცოდნა იქმნება გამოცდილების ტრანსფორმირების გზით“ - თქვა დევიდ კოლბმა. დევიდ კოლბი თავის ნაშრომში სწავლა-სწავლების სტილის შესახებ, გვთავაზობს ციკლურ მოდელს და აღწერს სწავლის სტილის დინამიკას.
დევიდ კოლბის სწავლის ციკლი
დევიდ კოლბის ციკლი არის სწავლის ოთხეტაპიანი ციკლი და მოიცავს ოთხ დამოუკიდებელ სწავლის სტილს. კოლბის სწავლის თეორია ძირითადად მსწავლელის შინაგან კოგნიტურ პროცესებს ეხება.
კოლბის სწავლის ციკლი მოიცავს ოთხ მნიშვნელოვან ფაზას. ესენია: გამოცდილების ფაზა, გაზიარების ფაზა, დასკვნების გამოტანის ფაზა და გამოყენების ფაზა.
გამოცდილების ფაზა გულისხმობს პრაქტიკულ აქტივობას, რომლის დროსაც ფიქსირდება ახალი გამოცდილება. ამ ფაზის მიმდინარეობისას მოსწავლე ხედავს, გრძნობს, ყნოსავს, ეხება, აკვირდება, უშუალოდ აკეთებს და ა.შ. უნარები, რომელიც ამ დროს მოსწავლეებს უვითრდებათ არის სითამამე, საკუთარი ძალების რწმენა, დისციპლინა და დამჯერობა.
გაზიარების ფაზა გულისხმობს ანალიზს, თუ რისი შესწავლა შეიძლება მიღებული გამოცდილებით და განსაზღვრავს თუ რა არის გამოყენებადი მიღებული გამოცდილებიდან. ამ ფაზაზე მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ გამოცდილებას და იკვლევენ მიღებულ შედეგებს, რაც თავის მხრივ მათ უვითარებს საკუთარი ძალების რწმენას და შემოქმედებითობის უნარს.
დასკვნების ფაზა  მოიაზრებს მიღებული ცოდნის გააზრებას სისტემურად და კონტექსტუალურად. ამ ფაზაზე მოსწავლეები განაზოგადებენ დაკვირვებებს და უკავშირებენ მათ თეორიულ ცოდნას. ამ დროს მოსწავლეებში ძლიერდება თავდაჯერებულობა და გამბედაობა.
გამოყენების ფაზა რეალობაში ამოწმებს ახალ უნარებს. ამ ფაზაზე ხდება მომავალი ნაბიჯების დაგეგმვაც.  გამოყენების ფაზის მიმდინარეობისას ვითარდება პრაქტიკული აზროვნება და მოსწავლე სწავლობს თავისი ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას.
სწავლის ციკლი შეიძლება ნებისმიერი ზემოთ მოცემული წერტილიდან დაიწყოს და შემდეგ განვითარდეს უწყვეტი სპირალის სახით.  თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ სწავლის პროცესი იწყება მაშინ, როდესაც პიროვნება გარკვეული მოქმედების დროს დაინახავს ამ მოქმედების შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში. შემდეგ ნაბიჯს  წარმოადგენს ამ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე მიღებული შედეგების გაგება/გააზრება, ანუ თუ იგივე მოქმედება განხორციელდება იმავე გარემოებაში, მოსალოდნელია ისეთივე შედეგების მიღება. ამ შაბლონის მიხედვით მესამე ნაბიჯია კონკრეტული მაგალითის ზოგადი პრინციპების გაგება.
 საგაკვეთილო პროცესში დაგეგმილი კვლევებისთვის ასევე კარგად გამოყენებადი მეთოდი  არის კონტროლირებადი კვლევის მეთოდი, რომელიც მოიცავს სამ ფაზას. ესენია: მეხსიერებაში აღდგენის ფაზა, მნიშვნელობის გააზრების ფაზა და რეფლექსიის ფაზა. თითოეული ფაზა კვლევის მიმდინარეობისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მეხსირებაში აღდგენის ფაზა ძალიან გავს კოლბის ციკლის გამოცდილების ფაზას; მნიშვნელობის გააზრების ფაზა - გაზიარებისა და დასკვნის ფაზებს, ხოლო რეფლექსიის ფაზა კი - კოლბისეულ გამოყენების ფაზას.
ქვემოთ ჩამოთვლილია კითხვები, რომელთა გამოყენებაც კვლევითი გაკვეთილის თითოეული ფაზის მსვლელობისას მიზნის მიღწევას ამარტივებს.
მეხსიერებაში აღდგენის ფაზა:
  1. რა დაინახეთ? როგორ დაინახეთ? რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?
  2. რას ნახავდა სხვა რომ ყოფილიყო თქვენს ადგილას?
  3. რა გააკეთეთ? როგორ მოიქეცით?
  4. რა არჩევანი გქონდათ? არსებობს სხვა შესაძლებლობა?
  5. არის თუ არა რამე ისეთი, რაც ჰგავს თქვენს წინა გამოცდილებას / ცოდნას? რატომ?
მნიშვნელობის გააზრების ფაზა:
  1. რა დასკვნებს გამოიტანდით შეძენილი გამოცდილებიდან?
  2. რა ისწავლეთ ისეთი, რაც მომავალში გამოგადგებათ?
  3. როგორ უკავშირდება ეს ყოველდღიურ ცხოვრებას?
  4. რა ხდება, თუ ყველა უნარი და ცოდნა, რომელიც კლასში მიიღეთ არ არის გამოყენებადი ყოველდღიურ ცხოვრებაში?
რეფლექსიის ფაზა:
  1. რა ინფორმაცია გადაეცემა ამ აქტივობით და არა? რატომ?
  2. როგორ მოგეწონათ აქტივობა? რატომ?
  3. რა არის მთავარი მესიჯი მომავლისთვის?
  4. რას გააკეთებდით განსხვავებულად?
  5. რა უნარები გამოიყენეთ იდეების გენერირების დროს?
  6. რა დამატებითი ინფორმაცია / აქტივობა გჭირდებათ მიზნის სრულად მიღწევისთვის?
კვლევითი გაკვეთილის პრაქტიკაში განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს შორის აუცილებლად მატულობს მოტივაცია;  ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში; ინტერესი ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მიმართ; მოსწავლეთა მხრიდან ექსპერიმენტების ჩატარების  სურვილი სწავლების პროცესის შემდგომ პერიოდში. შედეგად ვიღებთ მოტივირებულ, დაინტერესებულ, მოაზროვნე და მრავალი უნარით აღჭურვილ მოზარდს, რომელიც ხვალინდელი დღის წარმატებულ მოქალაქედ ჩამოყალიბდება. 
ბიოლოგიის დოქტორი: მარინე ჭელიძ

Friday, December 11, 2015

სასწავლო მეთოდი „მრგვალი მაგიდა

სასწავლო მეთოდი „მრგვალი მაგიდა“
თარიღი: 21 მარტი 2014
ავტორი: მაია ინასარიძე
გასული საუკუნის 90-იან წლებში აწ გარდაცვლილი არაჩვეულებრივი პიროვნებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის ლევან ჩიქვანაიას ხელმძღვანელობით თბილისის რამდენიმე სკოლაში პროფილური სწავლება დაინერგა. მათ შორის იყო 112-ე სკოლა, რომელშიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ჰუმანიტარულ პროფილის კლასში თქვენი მონა-მორჩილი ვასწავლიდი. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, საკლასო ორგანიზაციის ფორმად „მრგვალი მაგიდა" შემერჩია. კლასში სულ ოცი მოსწავლე იყო და ეს რაოდენობა ამის საშუალებას მაძლევდა. მინდოდა, მოსწავლეებსა და მასწავლებელს თანამოაზრეებად ეგრძნოთ თავი, შეუზღუდავად ესაუბრათ ლიტერატურის, როგორც ხელოვნების დარგის, შესახებ, მასში ასახულ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გამოხატვის ხერხებზე... მოკლედ, ეს იყო საუბრები ლიტერატურაზე, რომლის დროსაც ფეხზე არავინ დგებოდა, რადგან ყველა შეხვედრების (და არა გაკვეთილების) თანასწორუფლებიან წევრად გრძნობდა თავს. შეიძლება, ვიღაცას ნაკლები ცოდნა ჰქონდა, ვიღაცას - მეტი, მაგრამ ყველას ლიტერატურის სიყვარული გვაერთიანებდა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოსწავლეების მაღალ მოტივაციასა და ჩართულობაში, მათ შესამჩნევ მიღწევებში უდიდესი როლი სწორედ „მრგვალი მაგიდის" არსებობის ფაქტორმა ითამაშა.
დღეს „მრგვალი მაგიდა" არა როგორც ორგანიზების ფორმა, არამედ როგორც მეთოდი, პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ეს არის სადისკუსიო მეთოდის ტიპი, რომლის მიზანია შესწავლილ თემაში გამოკვეთილი პრობლემის ერთობლივი განხილვა. „მრგვალი მაგიდის" დროს გამოაქვთ საგნის / თემის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ან საკითხები, რომლებიც რთულია და ინდივიდუალურად მათი გააზრება-დამუშავება შეიძლება გაუძნელდეთ მოსწავლეებს.
კვლევები ცხადყოფს, რომ „მრგვალი მაგიდის" გარშემო მოსწავლეთა გაერთიანება ზრდის მათ აქტიურობას, ხსნის დაძაბულობას და მეტ ალბათობას ქმნის იმისას, რომ გამოითქვას ბევრი აზრი. მასწავლებლის ყოფნა მოსწავლეთა შორის ეხმარება მას, ერთი მხრივ, შექმნას ნაკლებად ფორმალური, თავისუფალი ატმოსფერო თითოეულის ჩართვისათვის განხილვის პროცესში, მეორე მხრივ, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, აძლევს რა თითოეულს თანასწორუფლებიანობისა და საკუთარი მნიშვნელოვნების განცდას. ამასთან, უყურებენ რა ერთმანეთს სახეში, მოსწავლეებს ეძლევათ არავერბალური კომუნიკაციის საშუალება, ეჩვევიან ემოციების მართვას, აზრის ნათლად მკაფიოდ ჩამოყალიბებას.
„მრგვალი მაგიდის" მეთოდი აერთიანებს სხვადასხვა სახის სემინარებსა და დისკუსიებს. განვიხილოთ ზოგიერთი:
1.სასწავლო სემინარები (არსებობს ასეთი სემინარების რამდენიმე სახეობა: საგანთშორისი, პრობლემური, თემატური, ორიენტირებული).
საგანთშორის სემინარზე განიხილება ერთი კონკრეტული თემა სხვადასხვა საგნის პოზიციიდან, ერთი თემის სხვადასხვა ასპექტი. მაგალითად, თემა „კლონირება" შეიძლება განხილული იყოს როგორც ბიოლოგიის, ისე გეოგრაფიისა და ისტორიის კონტექსტში სხვადასხვა ასპექტით: მორალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, იურიდიულითაც კი. ასეთ სემინარზე მიზანშეწონილია სხვადასხვა საგნის (ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლებისა და სხვ.) მასწავლებლების მონაწილეობა. მოსწავლეებს წინასწარ უნაწილდებათ დავალებები. თავდაპირველად, იმისათვის, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ სემინარში, შეიძლება დასამუშავებელი საკითხების დანაწილება ინტერესების მიხედვით. საგანთშორისი სემინარი აფართოებს მოსწავლეთა თვალსაწიერს, ხელს უწყობს საკითხის კომპლექსურ გააზრებასა და შეფასებას, საგანთშორის და, ზოგადად, მოვლენებს შორის კავშირების დანახვას, სიღრმეში წვდომას.
პრობლემური სემინარის ჩატარება სასურველია თემის დაწყებამდე. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს იმ პრობლემის განხილვას, რომელიც დაკავშირებულია ამ თემის ძირითად შინაარსთან. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პოემების შესწავლამდე მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ საკითხი: როდის, რა შემთხვევაში და რატომ ცდილობს საზოგადოება დაუმორჩილოს პიროვნება საკუთარ ნებას? სემინარამდე მოსწავლეებს ეძლევათ დავალების შესახებ მცირე განმარტება და ინსტრუქციები. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად განიხილავენ პრობლემას. პრობლემურ სემინარზე მასწავლებელს საშულება ეძლევა გამოავლინოს მოსწავლეთა ცოდნა მოცემულ საკითხზე და გაუღვივოს მათ ამ თემის შესწავლის ინტერესი. მოსწავლეები იხსენებენ ამ პრობლემაზე შექმნილ ნაწარმოებებს, მაგალითებს ცხოვრებიდან, იაზრებენ პრობლემის გამოვლენის სხვადასხვა ვერსიას, რაც, სავარაუდოდ, აღძრავს მათ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას: როგორ ჭრის ამ პრობლემას ვაჟა-ფშაველა?
თემატური სემინარის დროს აქცენტი კეთდება შესწავლილი თემის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტებზე. სემინარის დაწყებამდე მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, თავად გამოყონ ასეთი საკითხები ან, თუ მასწავლებელს აქვს ინფორმაცია თემის შესწავლის დროს მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, თვითონ შესთავაზოს საკითხთა წრე. თემატური სემინარები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ე.წ. „ჩავარდნების" ამოვსებას ნასწავლის ხელახლა გადახედვითა და ურთიერთსწავლებით. მაგალითად, ფიზიკაში თემის - ოპტიკის - შესწავლის შემდეგ, როცა მასწავლებელი შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზის საფუძველზე აღმოაჩენს საკითხებს, რომლებიც მოსწავლეებს გაუჭირდათ, ის ხელახლა უბრუნდება ამ საკითხებს, მოსწავლეებთან ერთად ამუშავებს მათი მიწოდების ხერხებს. ისინი ერთობლივად ამდიდრებენ მასალას პრაქტიკული მაგალითებით, ბუნების მოვლენებით.
ორიენტირებული სემინარების დროს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს უკვე დასმულ და შესწავლილ პრობლემას, რომელიც გამოქვეყნებულია და, აქედან გამომდინარე, კარგად ნაცნობი საზოგადოებისათვის. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ეხება არასრულწლოვნებს და ამის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გაეცნონ საკითხს, გამოთქვან მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, იფიქრონ პრობლემის ამგვარად გადაჭრის მოტივებზე, იმაზე, რას შესთავაზებდნენ განსხვავებულს და რატომ. ასეთი სახის სემინარები ხელს უწყობს მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ცხადია, მათი დაგეგმვა და ჩატარება მიზანშეწონილია უფროსკლასელებთან.
2.სასწავლო დისკუსიები. 
სადისკუსიო მეთოდების შესახებ ბევრი დაიწერა და ამჯერად ამაზე აღარ შევჩერდებით.
3.სასწავლო შეხვედრები „მრგვალი მაგიდის" ირგვლივ. 
ამ მეთოდის გამოყენების დროს „მრგვალ მაგიდასთან" ვიწვევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშაულო კავშირი აქვთ განსახილველ საკითხთან: მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ლიტერატორებს, ცნობილ ხელოვანებს და ა. შ. შეხვედრამდე მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ჩამოაყალიბონ მათთვის საინტერესო და აქტუალური თემა, მოიძიონ ინფორმაცია მის შესახებ და მოიფიქრონ შეკითხვები ამ თემის განხილვისათვის. მასწავლებელი წინასწარ გადახედავს საკითხებს, შეკითხვებს და მოსწავლეებთან შეთანხმებით ტოვებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს - ერთს ან რამდენიმეს (გააჩნია საკითხს, მის მოცულობას, მოწვეული სტუმრის მოღვაწეობის უშუალო სფეროს და ა.შ.). შერჩეული საკითხები / შეკითხვები მათზე პასუხების მოსამზადებლად შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე (შეიძლება წინა დღითაც) გადაეცემა მოწვეულ სტუმარს. მნიშვნელოვანია, სტუმარმა გაიაზროს, რომ ის არ არის მომხსენებელი. ის მოსწავლეებთან ერთად იმსჯელებს საკითხზე და გაუზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას, მოსაზრებებს. შეიძლება „მრგვალ მაგიდასთან" რამდენიმე სტუმრის მოწვევაც. მთავარია, საუბრის მსვლელობის დროს შეიქმნას ბუნებრივი, ძალდაუტანებელი, საქმიანი, გულწრფელი და თანამშრომლობითი ატმოსფერო. მოსწავლეთა და სტუმართა გასააქტიურებლად შეიძლება ისეთი საკითხის გამოტანაც, რომლის შესახებაც ორი სრულად საწინააღმდეგო თვალსაზრისი / პოზიცია არსებობს. კარგია, როცა ასეთ შეხვედრებს თან ახლავს ფოტო და აუდიო, ვიდეომასალა, მასალები ჟურნალ-გაზეთებიდან. ეს სტუმარს აგრძნობინებს, რომ მოსწავლეები სერიოზულად მოემზადნენ შეხვედრისათვის.
„მრგვალი მაგიდის" ასეთი ფორმა მოსწავლეებს აჩვევს აუდიტორიის, მიზნისა და თემის შესაბამისი ენის არჩევას, პროფესიულ ენაზე საუბარს, შეკითხვებისა და აზრების ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, გულწრფელობას. სიამოვნებითა და პროფესიული კმაყოფილების გრძნობით ვიხსენებ ასეთ შეხვედრებს მწერალ დათო ტურაშვილთან, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან. იმ საღამოების ფონზე, როცა უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები „დეკორუმების" როლში არიან და მასწავლებლის მიერ დაწერილი სცენარის ტექსტებს კითხულობენ, „მრგვალი მაგიდის" უპირატესობა აშკარაა. ეს უპირატესობა ბუნებრიობაში, სილაღესა და თვითგამოხატვის შეუზღუდავ შესაძლებლობაშია.
„მრგვალი მაგიდა" თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ფორმისა და შინაარსის ერთობლიობამ მასწავლებელს მისცეს საშუალება მიაღწიოს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე მიზანს.


პროექტებზე მუშაობის წარმართვა

პროექტებზე მუშაობის წარმართვა  

მარზანო, პიქერინგი და ფოლოქი თავიანთ წიგნში „ეფექტური სწავლება სკოლაში“ (2001, გვ.146), განიხილავენ ფასილიტაციის სტრატეგიებს, რომლებიც მასწავლებლებმა მოდულის სხვადასხვა ეტაპზე უნდა გამოიყენონ:  

  • მოდულის დასაწყისში გამოიყენეთ სტრატეგიები სასწავლო მიზნების დასახვისთვის.  
  • მოდულის მსვლელობისას გამოიყენეთ სტრატეგიები:
o    სასწავლო მიზნებისკენ პროგრესის მონიტორინგისთვის
o    ახალი ცოდნის დანერგვის მიზნით  
o    მიღებული ცოდნის პრაქტიკის, გადასინჯვისა და გამოყენებისთვის
  • კონკრეტული მოდულის ბოლოს  გამოიყენეთ სტრატეგიები, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს, განსაზღვრონ, თუ რამდენად ეფექტურად მიაღწიეს თავიანთ მიზნებს.  

ფასილიტაციის სტრატეგიები ხელს უწყობს სასწავლო პროცესს და მეორე მოდულში (ჩემი მოდულის დაგეგმვა) განხილულ შეფასების სტრატეგიებს ჰგავს. გადახედეთ ფასილიტაციის მოცემულ საშუალებებს და იფიქრეთ, თუ როგორ გამოიყენებდით მათ.
ფასილიტაციის სტრატეგიების მაგალითები
მოდულის დასაწყისი
მეთოდები მიზნების დასახვისათვის:
·         პრეზენტაციები, რათა წაახალისოთ ცნობისმოყვარეობა და გააღვივოთ მოსწავლეთა ინტერესი.  
·         პრეზენტაციები ან პუბლიკაციები მოსწავლეებთან და/ან მშობლებთან  ჯგუფისა და პროცედურების მოლოდინებისა და ვადების განხილვისთვის.   
·         დაბეჭდილი პროექტის გეგმა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, გაიგონ და უპასუხონ მოდულის მოლოდინებს, ფაზებსა და საბოლოო ვადებს.
·         ელექტრონული კავშირი მშობლებთან, ინტერნეტის გამოყენებით, რათა განსაზღვროთ და ნათლად განმარტოთ პროექტის ძირითადი ეტაპები.
·         კვლევა ინტერნეტის გამოყენებით, რათა შეგროვდეს პირველადი ცოდნა, ინტერესები და შესაძლებლობები.  
მოდულის მსვლელობაში
მეთოდები პროგრესის მონიტორინგისთვის:
·         ცხრილები ან სპეციალური ფორმები თითოეული მოსწავლის ან ჯგუფის მიერ შესრულებული დავალებების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად.  
·         კავშირი მშობლებთან ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით, მოსწავლის მუშაობის შესახებ მათი ინფორმირების მიზნით.
·         საკონტროლო სიის წარმოება, მოსწავლეთა მხრიდან 21-ე საუკუნის ცოდნისა და უნარების გამოვლენის აღრიცხვის მიზნით.
მეთოდები ახალი ცოდნისა და უნარების გასაზიარებლად:
·         ინტერნეტრესურსები, როგორიცაა ვიკები და ბლოგები, რომელთა გამოყენებითაც მოსწავლეებს შეუძლიათ, აწარმოონ კვლევა.   
·         პრეზენტაციები წინასწარი ცოდნის გამოსავლენად, ახალი კონცეფციების გასაცნობად ან პროცედურების შემდგომი ეტაპის წარსადგენად.  
·         პროექტირების მასალები ინტერაქციული აქტივობებისთვის, საკვანძო კონცეფციებისა და უნარების წარდგენის მიზნით.   
ინსტრუმენტები ცოდნისა და უნარების პრაქტიკის, გადასინჯვისა და გამოყენებისთვის:  
·         ინტერნეტრესურსები მოსწავლეთათვის გაკვეთილებისა და აქტივობების დაარქივებისთვის; რესურსების ბმულებისა და რეკომენდაციების მიცემა; რესურსების გამოყოფა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
·         პრეზენტაციები 21-ე საუკუნის უნარების საჩვენებლად ან ყოველდღიური მოქმედებების გასაცნობად.  
მოდულის დასასრული
ინსტრუმენტები მიზნების შესაფასებლად:
·         ონლაინკვლევები, ფორმები და ინტერნეტრესურსები შესამოწმებელი კითხვებისა და ახალი მიზნების დასახვისათვის.   
·         პრეზენტაციები მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებით, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს. გამოიყენება პროექტის დასრულების შემდგომი განხილვისთვის და ჯგუფური მსჯელობის წახალისებისთვის.
·         ელექტრონული ცხრილები და ფორმები მოსწავლეების მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზისთვის.
·         ინტერნეტ-ვიკები ან ბლოგები პროექტის შედეგების გასავრცელებლად.   


მითითებული მასალები:

რ.ჯ. მარზანო, დ.ჯ. ფიქერინგი და ჯ.ე. ფოლოქი (2001). „ეფექტური სწავლება სკოლაში: კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგიები მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად“. ალექსანდრია, ვირჯინიის შტატი: ზედამხედვევობისა და სასწავლო გეგმის შემუშავების ასოციაცია. 

Thursday, December 10, 2015

ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!“

"ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!“
თარიღი: 10 დეკემბერი 2015
ავტორი: ცირა ბარბაქაძე
დაკვირვებიხართ თქვენს მეტყველებას...? მაგალითად, ერთი დღის განმავლობაში რაზე საუბრობთ, რა თემებს ირჩევთ და განსაკუთრებით იმას, თუ როგორ საუბრობთ...? მაგალითად, როგორ გამოთქვამთ აზრებს, როგორი წინადადებებია თქვენს მსჯელობაში...? და იქნებ არც არასდროს გაგიანალიზებიათ, როგორ გავლენას ახდენს თქვენ მიერ გამოთქმული აზრები თქვენსავე მომავალზე? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა და ახლავე დაიწყეთ!



მეტყველება არასდროს არ არის უბრალოდ მეტყველება. ეს არის ფორმა ჩვენი შინაგანი აზრების და არა მხოლოდ აზრების, ჩვენი მსოფლხედვის - როგორ არის მოდელირებული სამყარო ჩვენს ცნობიერებაში და როგორ გადმოედინება სიტყვების მეშვეობით. ამიტომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეტყველებაზე დაკვირვებით სწავლობენ ადამიანს. მაგალითად, სოკრატე, რომელიც ამბობდა: ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!
ადამიანი, როდესაც სხვას ახასიათებს ან რაიმე საგანს აღწერს, უფრო მეტად თავად ჩანს... რადგან ყველაფერი სუბიექტურია. ჭიქა, რომელშიც ნახევარამდე ახსია წყალი, ერთისთვის - ნახევრად სავსეა და მეორესთვის - ნახევრად ცარიელი.... გააჩნია, ვინ უმზერს მას: ოპტიმისტი თუ პესიმისტი.
ცოდნა საკმარისზე მეტი დაუგროვდა ადამიანს და ახლა შეუძლია, „სოკრატეს გამოძახების" გარეშე დააკვირდეს საკუთარ მეტყველებას და დიაგნოსტირებაც შეძლოს, ხოლო ამის შემდეგ „მკურნალობა" თავად დაუნიშნოს საკუთარ თავს...
აზრი გამოითქმის რამდენიმე განსხვავებული ფორმით და მათ შორის წამყვანია: ნეგატიური ან პოზიტიური გამოთქმა:
თუ თქვენი მეტყველების დიაგნოსტირების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ დიდი პროცენტი მოდის: ნეგატიურ გამოთქმაზე, შეფასებაზე, კრიტიკაზე და ასე შემდეგ... დროა გადაერთოთ „სხვა სიხშირეზე". ამაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ პრობლემის შინაგანი და ღრმა გააზრება, მაგრამ შეგიძლიათ დაიწყოთ უბრალო „სავარჯიშოებითაც", რომელთა რეგულარული გამოყენება გამოგიმუშავებთ პოზიტიურ უნარებს და ჩამოგიყალიბებთ სასარგებლო ჩვევებს.
პოზიტიურ ენერგიას აძლიერებს რამდენიმე მიმართულება:
პოზიტიური მტკიცება - ეგრეთ წოდებული, აფირმაციები;
პოზიტიური განწყობა - რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ;
პოზიტიური აზროვნება - სამყაროს აღქმა პოზიტიური რაკურსით;

პოზიტიური მტკიცება - ეგრეთ წოდებული, აფირმაციები

„იმედი გქონდეთ საკუთარი თავის და არა - ჩემი, რადგან თქვენშია დამალული ის ძალა, რომელიც თქვენ განგკურნავთ. ჩემი როლი მხოლოდ იმაშია, რომ გასწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ეს ძალა"
ემილ კუე
მსჯელობაც ორი სახისაა: მტკიცებითი და უარმყოფელი. მტკიცებითი ფორმით ჩამოყალიბებული მსჯელობა არის პოზიტიური მსჯელობა, რადგან ის არ უარყოფს არაფერს, ყველაფერს უშვებს, აზრი მსუბუქად გამოითქმის, არ ქმნის კონფლიქტს არც აზროვნებაში და არც მეორე ადამიანში, რომელსაც ელაპარაკებით; ხოლო უარმყოფელი მსჯელობა თავიდანვე განწირულია კონფლიქტისთვის, როცა რაიმეს უარყოფ, უკვე ჩიხია, უკვე კონფლიქტია.

რა არის და როგორ შევადგინოთ აფირმაცია? ეს არის მტკიცებითი გამონათქვამი იმის შესახებ, რა სურს ადამიანს...
ამ მეთოდის შემოქმედი იყო ფრანგი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი ემილ კუე. როდესაც იგი ფარმაცევტად მუშაობდა და წამლებს ჰყიდდა, პაციენტებს ყოველთვის ეუბნებოდა: „მალე თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ". ამ სიტყვების მაგიური ძალა ემილ კუემ მალე აღმოაჩინა, პაციენტთა უმრავლესობა თავს მალე მართლა ძალიან კარგად გრძნობდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ უბრალო წყალსაც კი შეეძლო ადამიანის განკურნება, თუკი კუე გამოჯანმრთელებაში დაარწმუნებდა მათ. ამ მოვლენამ კუე დააფიქრა და შეიმუშავა სპეციალური მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა „გაცნობიერებულ თვითშათაგონებას".
აფირმაციებში ყოველთვის პოზიტიური აზრია და აწმყოზეა ორიენტირებული. იმის მიხედვით, რა გვაწუხებს და რისი შეცვლა გვინდა, ან ჩვენ თვითონ ვადგენთაფირმაციებს ან უკვე შექმნილებს ვიყენებთ. მაგალითად: მე დღითი-დღე უფრო ვჯანმრთელდები (მე ვარ ვარ, თავს ცუდად ვგძნობ..), ყოველი დღე ჩემი ახალი ბედნიერების დასაწყისია (უბედური ვარ, ღმერთი არ მწყალობს), ჩემი შემოსავალი ყოველდღიურად იზრდება (ღარიბი ვარ, ფული არაფერში მყოფნის)
აფირმაციათა ხშირი გამეორება ფიქსირებულს ხდის გამოთქმულ აზრს და აზრი ცნობიერიდან გადადის არაცნობიერში, სადაც უარყოფით კონსტრუქციებს (პროგრამებს) ანაცვლებს პოზიტიურით, ამის შემდეგ და ამის წყალობით უკვე აზრი ავტომატურ რეჟიმში თავად იწყებს მოქმედებას და პოზიტიური შედეგები ძალიან ჰგავს ჯადოქრობას...
პოზიტიური განწყობა - რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ, ამყარებს აფირმაციებით გამოთქმულ აზრს და უფრო სწრაფად ასრულებადს ხდის. ემოციური განწყობა ის სიხშირეა, რომელიც მსგავს სიხშირეს იზიდავს და აძლიერებს პოზიტივს. ბედნიერი ვიქნები კი არა (მომავალში არასდროს არ უნდა გადაიტანოთ განწყობა), არამედ ბედნიერი ვარ, სიხარულს განვიცდი... ყველაფერი აქ და ახლა ხდება, განწყობა უნდა შეიქმნათ შედეგამდე და ეს განწყობა არასდროს დაგტოვებთ, არც შედეგის შემდეგ და არც ახალ შედეგამდე.
პოზიტიური აზროვნება - ადამიანების, ფაქტების და მოვლენების აღწერა პოზიტიური რაკურსით. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ან ვერ აღვიქვამთ ნეგატივს. ეს ნიშნავს, რომ აქცენტს ვაკეთებთ პოზიტიურ გამოთქმაზე.
ეს შეეხება ისეთ მარტივ სიტუაციებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, სტანდარტული სიტუაცია: მამაკაცი ელოდება ქალბატონს და კითხულობს: _ მალე გამოხვალ, ძვირფასო? თქვენ გაქვთ ორი განსხვავებული რაკურსის პასუხი: _ არა, ვერ გამოვალ და მეორე, რომელიც პოზიტიურად ასე ჟღერს: _ დიახ, გამოვალ... ნახევარ საათში...
არჩევანი გაქვთ...
წარმატებებს გისურვებთ სამყაროში, რომელშიც თქვენ ყოველ დღე სულ უფო და უფრო დიდი ბედნიერება და წარმატება გელოდებათ!

წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლება დაწყებით საფეხურზე

წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლება დაწყებით საფეხურზე
ავტორი: ნანა ლომიძე
მოსწავლეთა მეტყველების დაბალი კულტურა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია და გადაულახავ სირთულედ არის ქცეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სწავლების სისტემაში ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიზეზი მრავალია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართაობა, გრამატიკული ნორმების არცოდნა, აზრის სრულყოფილად გადმოცემისთვის საჭირო საშუალებებისადმი ზერელე დამოკიდებულება ან მათი სრული იგნორირება და სხვა.

არ შევჩერდები მშობლიური ენის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს როლზე სასწავლო პროცესში; შევეხები მხოლოდ მისი სწავლების ძირითად საკითხებს დაწყებით საფეხურზე და გაგაცნობთ წერითი მეტყველების განვითარებაზე მუშაობის ეფექტურ გზებს.

სწავლების პროცესში წინასაანბანო პერიოდშივე გამოვყოფთ იმ ნაწილებს, რომლებზე მუშაობასაც ზეპირად ვიწყებთ. ბავშვებს ისეთი დავალებები ეძლევათ, რომელთა შესრულებაც შემდგომ წერითი მეტყველების განვითარებას უზრუნველყოფს. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვებმა "წერა" ანბანის შესწავლამდე მათთვის ხელმისაწვდომი და სახალისო ფორმით უნდა დაიწყონ. ამ თვალსაზრისით ძალზე ეფექტურია ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ანუ „მასწავლებელი კალამი", კარგად შერჩეული მეთოდი კი მიზნის მიღწევის გზაა.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი - რა უნდა იცოდეს და რისი გაკეთება უნდა შეძლოს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული გაკვეთილის მსვლელობაც და სწავლების მეთოდიც.
მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:
·დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში;
· შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი აქტივობას;
· შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;
· ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები, გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამ რაოდენობის მოსწავლით მეთოდის ეფექტიანად განხორციელება).
სწავლის სავარაუდო შედეგების ჩამოყალიბებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს მას ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციისა, პრეზენტაციისა, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებას, შესაძლებლობას, ინტერესებს, სწავლების სტილს. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის - ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.
წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისას კარგია ერთობლივი წერა. ენობრივი პრაქტიკა გულისხმობს მოსწავლეთა მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და შემდეგ ამ ტექსტზე მუშაობას. ეს მეთოდი ითვალისწინებს ტექსტთან მრავალმხრივ მიბრუნებას და მრავალფეროვანი სავარჯიშოების დაგეგმვასა და შესრულებას. თავად მეთოდი იმით არის საინტერესო, რომ მოიცავს აზროვნების, მეტყველების, წერისა და კითხვის პროცესებს. ამასთანავე, მეთოდი სახალისოა და მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებიან მუშაობის პროცესში. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ენობრივი პრაქტიკის ეფექტურობა ენების სწავლებაში. ჩემ მიერ განხილული მეთოდი კარგად გამოიყენება პირველ და მეორე კლასებში, თუმცა მისი გამოყენება სხვა ფორმით შეიძლება მეოთხესა და მეხუთეშიც. ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის დამყარება და ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გააზრება, რაც მოსწავლეებს ეხმარება წერა-კითხვის კონცეპტუალური საფუძვლების გაცნობიერებაში, კერძოდ, იმისა, რომ რასაც ვფიქრობთ, შეიძლება გამოითქვას, რასაც ვამბობთ, შეიძლება დაიწეროს, რასაც ვწერთ, შეიძლება წავიკითხოთ, ანუ მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც დავწერე და აგრეთვე ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად.
თუ თვალს გადავავლებთ ეროვნული სასწავლო გეგმით მონიშნულ მიზნებს, აღმოვაჩენთ, რომ ენობრივი პრაქტიკის გამოყენება თითქმის ყველა სასწავლო მიზნის მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს, ტექსტის კონცეპტების დაუფლება იქნება ეს, კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ამოცნობილი ლექსიკური ერთეულების მარაგის შევსება თუ სხვა. ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ეფექტურად გამოიყენება წინასაანბანო პერიოდიდანვე, როცა მოსწავლეები წერა-კითხვის ბუნებრივი, არაფორმალური ათვისების ბაზიდან ფორმალურად შესწავლის საფეხურზე გადადიან.
ახლა განვიხილავ უშუალოდ გაკვეთილის მსვლელობას. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოიმარაგოს რესურსები, განსაკუთრებით - თვალსაჩინოება: ილუსტრაცია, სათამაშო თუ სხვა რამ, - რის შესახებაც მოსწავლეებმა ტექსტი უნდა შექმნან. ენობრივი პრაქტიკა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად. მთავარია, რომ დამწყები მკითხველები ეცნობიან ტექსტის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სათაური, აბზაცი, სტრიქონი და ა. შ. იმავდროულად მოსწავლეებს უვითარდებათ ფანტაზია, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და თხზვის უნარები.
კითხვის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის ავთენტურობას, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს: კითხვის დაწყებამდე მოტივაციის აღძვრა საფუძველია იმისა, რომ მოსწავლე შემდეგ ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთვება კითხვის პროცესში და აქტიურად შეასრულებს კითხვის სავარჯიშოებს.
გამოწვევის მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას: რას აკეთებენ მწერლები? მოსწავლეთა პასუხების შემდეგ სთავაზობს მათ, გახდნენ მწერლები და მოიგონონ ამბავი. შემდეგ აჩვენებს თვალსაჩინოებას, რომლის შესახებაც უნდა იყოს ტექსტი, მაგალითად, სათამაშო სპილოს, ჟირაფს - შეიძლება ილუსტრაციაც - და ეკითხება, რა არის ეს. სთავაზობს მოსწავლეებს, ისაუბრონ სოფელზე, გაიხსენონ, როგორია, წელიწადის რომელ დროს უფრო მოსწონთ და რატომ. ამის შემდეგ გადადიან ამბის შეთხზვაზე. ყველა მოსწავლე გამოთქვამს თავის ნააზრევს, ჯერ - ზეპირად. მომდევნო ეტაპია წერა. მასწავლებელი ახსენებს ბავშვებს, რომ თავად იქნება კალამი და მოსწავლეების ნააზრევს დაფაზე დაწერს.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები და მასწავლებელი შეთანხმდებიან, რის შესახებ აპირებენ წერას, არჩევენ სათაურს, შემდეგ - პირველ წინადადებას. თუ მოსწავლეებს დაწყება უჭირთ, პირველი წინადადება შესაძლოა მასწავლებელმა შესთავაზოს. შემდეგ მასწავლებელი კითხვების მეშვეობით ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას. ასეთი დავალებები ერთობლივ ფიქრთან ერთად საინტერესო და სახალისო გამოწვევაა მოსწავლეებისთვის.
თავდაპირველად უნდა დაიწეროს სათაური. ბავშვები ასახელებენ ვერსიებს, არჩევენ საუკეთესოს და მასწავლებელი იწყებს წერას. მოსწავლეები ადგილს ურჩევენ სათაურს. მასწავლებელი წერს მას შუაში. შემდეგ გადადის ტექსტზე და ეკითხება მოსწავლეებს, საიდან დაიწყოს წერა. მოსწავლეები ახსენებენ, რომ პირველი სიტყვა აბზაცით იწერება. რომელია სიტყვის პირველი ასო? მასწავლებელი აგრძელებს მოსწავლეთა ნააზრევის დაფაზე გადატანას. სტრიქონის დასრულების შემდეგ კვლავ ეკითხება, სად გააგრძელოს წერა ან როგორ გაკვეთოს სიტყვა მეორე სტრიქონზე გადასატანად. მოსწავლეები თანდათან აცნობიერებენ წერის მნიშვნელოვან მხარეებს. პატარა მწერლები, ერთი მხრივ, აკვირდებიან, როგორ წერენ გამოცდილი მწერლები, ამ შემთხვევაში - მასწავლებელი დაფაზე, მეორე მხრივ კი უშუალოდ მონაწილეობენ ასოების დასახელება-დაწერაში, სასვენი ნიშნების სწორად დასმაში და ძალდაუტანებლად იძენენ, იუმჯობესებენ წერის უნარებს.
ეს არის სწავლების მოდელი, რომელიც პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემას ეფუძნება. მასწავლებელი ზოგიერთ მოსწავლეს წერტილს დაასმევინებს, ზოგს ამა თუ იმ სიტყვის ან სათაურის ადგილმდებარეობას შეარჩევინებს, ზოგიერთს ასოს დააწერინებს, ზოგს - სიტყვას ან მთელ წინადადებას.
ერთობლივი წერის პროცესზე საუბრისას ხაზგასასმელია წერის დროს ბავშვების მიერ დაშვებული შეცდომები. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თვითონ კი არ შეასწოროს, არამედ კითხვების საშუალებით მიუთითოს და მისცეს მოსწავლეს შეცდომის დამოუკიდებლად გამოსწორების საშუალება.
ვინაიდან ენობრივი განვითარება თანმიმდევრული პროცესია და ბავშვები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ ენობრივ სტრუქტურებს, მასწავლებელმა ზოგიერთი შეცდომა, კერძოდ, იმ ტიპის შეცდომები, რომელთა თეორიული არსი ბავშვებისთვის უცხოა, ამ ეტაპზე რეაგირების გარეშე უნდა დატოვოს.
ბოლოს მასწავლებელი წაუკითხავს მოსწავლეებს დაწერილ ტექსტს და სთხოვს, ყურადღებით მიადევნონ თვალი. შემდგომ თავად მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ერთობლივი კითხვის ვარიაციებით. მაგალითად, ჯერ - მხოლოდ ბიჭები, ან მხოლოდ გოგონები, შემდეგ - ვისაც და ჰყავს ან ვისაც ტორტი უყვარს და სხვა. კითხვის დროს მასწავლებელი ხელს უნდა აყოლებდეს ამოსაკითხ სიტყვებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა აქ არ დაამთავროს ამ ტექსტზე მუშაობა, იმავე ან მომდევნო გაკვეთილებზეც აქტიურად გამოიყენოს იგი, სხვადასხვა მიზნით მიუბრუნდეს მას და ამით მოსწავლეებს ტექსტის დამოუკიდებლად აღქმის საშუალება მისცეს. მომდევნო გაკვეთილისთვის მასწავლებელი მოსწავლეთა მიერ შექმნილ ტექსტს დიდი ფორმატის ქაღალდზე გადაწერს და დაფაზე გააკრავს ნიმუშად. შემდეგ გადაწერილი ტექსტის მეორე ეგზემპლარს დაჭრის წინადადებებად და სთხოვს მოსწავლეებს, ააწყონ წინადადებები დაფაზე გაკრული ნიმუშის მიხედვით.

მეორე აქტივობა ანუ ტექსტის სიტყვებად დაშლა შედარებით გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ბავშვებს სიტყვებად დანაწევრებული ტექსტის გამთლიანება უწევთ. ისინი შეადარებენ სიტყვების ბარათებს ტექსტის დედანს, რომელიც კვლავ დაფაზეა გაკრული. მნიშვნელოვანია, რომ ენობრივი პრაქტიკის დროს გამოყენებული სიტყვები მასწავლებელმა სხვა აქტივობებშიც ჩართოს. მაგალითად, ფონოლოგიურ სავარჯიშოებში, სიტყვების კლასიფიცირებასა თუ ახალი წინადადებების შედგენაში. სასურველია, მოსწავლეებმა თავადვე დაასურათონ თავიანთი ტექსტი. ამისთვის მასწავლებელი ტექსტს ნაწილებად ყოფს და ურიგებს ჯგუფებს ან წყვილებს შესაბამისი ილუსტრაციის შესაქმნელად. კარგი იქნება, თუ შემდეგში მასწავლებელი ბავშვების მიერ ენობრივი პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით შექმნილ ტექსტებს შეაგროვებს, გადააწერინებს მათ თაბახის ფურცლებზე ან, თუ წერა არ იციან, თავად დაეხმარება გადაწერაში, დაასურათებინებს და წიგნებად აკინძავს. ამგვარად მოსწავლეებს ექნებათ საკუთარი წიგნები, რომლებიც მათთვის ძვირფასი გახდება როგორც მათი შრომის შედეგი და, ამასთანავე, იქცევა მოტივაციის წყაროდ. სასურველია, ეს წიგნები კლასში გამოიფინოს, სახლში წაიღონ და მშობლებს აჩვენონ ან სკოლაში გაიმართოს პრეზენტაცია, რაც კიდევ უფრო აუმაღლებს მოტივაციას თითოეულ მოსწავლეს.
მე-5 და მე-6 კლასში ეს მეთოდი შედარებით გართულებული ვარიანტით შეიძლება გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ამ კლასებში ყურადღებას აღარ გავამახვილებთ იმაზე, რომელი ასოს შემდეგ რომელი დავწეროთ ან სად იწერება სათაური - აქ უკვე გრამატიკული ნორმების დაცვას, შედარებით რთული წინადადებების ჩამოყალიბებას და მსჯელობას ექცევა ყურადღება. გარდა ამისა, დღეს, როცა კომპიუტერი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია, ამ მეთოდის ფინალი - გააჩნია, რომელ კლასში ვიყენებთ მას - შეიძლება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ. დაფაზე დაწერილი მოთხრობა თუ ჩანახატი სხვადასხვა ჯგუფმა შეიძლება სხვადასხვა პროგრამაში მოამზადოს საპრეზენტაციოდ.
დასასრულ, მინდა, რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ენობრივი პრაქტიკის პირველივე კლასიდან გამოყენებით ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარად ვაბალანსებთ კითხვის სწავლების ტრადიციულ გზასა და ფონეტიკურ ვარჯიშებს და ვაღვივებთ კითხვისადმი როგორც გაგება-გააზრების პროცესისადმი მოსწავლეთა პოზიტიურ დამოკიდებულებას. ცალკე უნდა აღინიშნოს მოსწავლის მოტივაცია როგორც მკითხველის ფორმირების უმნიშვნელოვანესი წყარო. მოტივაციის აღძვრა და მისი შენარჩუნება სწავლის, ამ შემთხვევაში - კითხვის პროცესის, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ამრიგად, წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღიქვა და არა ერთჯერად ღონისძიებად. ვერ ვიტყვით: „დღეს ერთ კარგ გაკვეთილს ჩავატარებ და ჩემს მოსწავლეებს წერას, კითხვასა და აზროვნებას ვასწავლი". ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინაპირობა ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა. მე როგორც მოქმედ მასწავლებელს ზემოთ დასახელებული მეთოდი და აქტივობები შესაფერისად მიმაჩნია წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისათვის.