Monday, April 18, 2016

რჩევები ახალბედა მასწავლებელს


რჩევები ახალბედა მასწავლებელს


 a-  A+ 
ამბობენ, რომ უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უფლება გვაქვს ხშირად შევცდეთ? ალბათ არა. უმჯობესია, ერთი და იმავე შეცდომა არ გავიმეოროთ, მით უფრო თუ გვსურს პროფესიულად განვვითარდეთ და სასურველ შედეგს მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ.
გამოცდილი მასწავლებლების დაკვირვებით, მათი ახალბედა  კოლეგები კარიერის დასაწყისში არცთუ იშვიათად უშვებენ იდენტურ შეცდომებს, რომელთა აღმოფხვრა დიდ დროს მოითხოვს. ამ შეცდომების გამო ზარალდებიან მოსწავლეები, მათი განათლება და აღზრდა… ეს რჩევები გამოადგება სწორედ იმ ახალგაზრდა პედაგოგებს,  ვისაც არ სურს სხვისი შეცდომების გამეორება.
მოსწავლეებისგან იდეალური ქცევისა და აკადემიური მოსწრების მოლოდინი. ბევრი მასწავლებელი სკოლაში კარგად სწავლობდა. ბევრმა წითელ დიპლომზეც დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. ასეთ მასწავლებელს სკოლაში მუშაობის პირველ ხანებში შეიძლება მოეჩვენოს, რომ ყველას შეუძლია მასსავით მიაღწიოს საუკეთესო შედეგს. ზოგჯერ ახალბედა მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ მოსწავლის შესაძლებლობები ულიმიტოა და თუ ბავშვი მოინდომებს, მთებს გადადგამს.
მაგრამ რეალობა სხვაა. თუ მოსწავლე არ აცდენს გაკვეთილებს, არასოდეს იღებს დაბალ ნიშნებს, იცის ყველა საზეპირო, არ აქვს ასაკობრივი პრობლემები, არ დარბის დერეფანში თავქუდმოგლეჯით, არ აწიოკებს სხვა პედაგოგებს, არ არის მარცხიანი, არ გააჩნია საკუთარი აზრი და ყველაფერში ეთანხმება მასწავლებელს, ის მოსწავლე კი არა, პედაგოგის ერთგული ჯარისკაცია, რომელსაც სკოლის გარემოსთან მხოლოდ დროებითი „კონტრაქტი” აკავშირებს.
ახალბედა მასწავლებლები ხშირად უჩივიან ბავშვების უმადურობას: „ტვინს ვასხამ გაკვეთილზე, რას არ ვაკეთებ, მას კი არაფერი ესმის…” ნუ დაიწყებთ, რომ ბავშვებს, განსაკუთრებით მცირე ასაკში, ცუდად აქვთ განვითარებული მადლიერების გრძნობა უფროსებთან მიმართებაში. ეს დამახასიათებელია არა მხოლოდ პატარებისთვის. ნამდვილი მადლიერების განცდა სულიერების უმაღლესი პილოტაჟია, მისი ბოლომდე გაცნობიერება კი ადამიანების მიერ მხოლოდ წლების მატებასთან ერთად ხდება. სწორედ ამიტომ ზოგიერთი მასწავლებლის ღვაწლი ჩვენთვის თვალსაჩინო წლების მერე ხდება და არა იმ კონკრეტულ დროს, როდესაც ის ჩვენთან ურთიერთობს.
მოსწავლის სიცელქის თუ დაბალი მოსწრების გამო მასწავლებელი საკუთარ თავს ადანაშაულებს, ძალიან განიცდის. წარმოიდგინეთ, რომ ექიმი ხართ, რომლის პრაქტიკაში არსებობს წარუმატებელი, ლეტალური შემთხვევები. ემოციას რომ აყვეთ და ამაზე გამუდმებით იფიქროთ, სხვა პაციენტებს ვეღარ დაეხმარებით, მათ, ვისაც გამოჯანმრთელების იმედია აქვს. ექიმმა იცის როდის და რატომ არ შეუძლია დაეხმაროს პაციენტს, იცის, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი მასზე და მის პროფესიაზე არ არის დამოკიდებული. ასე მასწავლებელიც. მას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს მოსწავლის წინაშე, მაგრამ ყველაფერზე ვერ აგებს პასუხს. ბავშვებს ჰყავთ მშობლები და თუ მშობლებისთვის ბავშვების გაცდენები ნორმაა, მასწავლებელი უძლურია. მასწავლებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს თავის პროფესიაში, მაგრამ მის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. არ შეიძლება წარუმატებელი შემთხვევების გამო დეპრესიაში ჩავარდნა, სკოლის პრობლემების თავს მოხვევა ოჯახის წევრებისთვის, პროფესიიდან წასვლა. თუ ბავშვმა გაკვეთილი არ ისწავლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადად თქვენ პატივს არ გცემთ. ამას შეიძლება უამრავი სხვა მიზეზი ჰქონდეს.      
     
მკაცრი, ავტორიტარული ურთიერთობის სტილი. ახალბედა მოსწავლეების გულის მოსაგებ ცდილობს მათთან ურთიერთობა როგორც თანატოლმა ისე დაამყაროს. ის გამოიყენებს მათ სლენგს, თვალს ხუჭავს ბავშვების თამამ ქცევაზე, გაკვეთილზე არ აძლევს შენიშვნებს და ა.შ. ამაში კრიმინალური არაფერია, მაგრამ მთლიანობაში, ადრე თუ გვიან, ბავშვები კარგავენ მასწავლებლის პატივისცემას, რიდს, ისინი სულ უფრო თავისუფლები ხდებიან და ბოლოს, როდესაც მასწავლებელი ფიქრობს, რომ ბავშვების სიმპათია დაიმსახურა, კლასის სამართავი ყველა სადავე ხელიდან აქვს გამოცლილი. ასაკის და გამოცდილების მიუხედავად მასწავლებელს უნდა ესმოდეს, რომ გაკვეთილს ის მართავს, ის არის გაკვეთილზე პასუხისმგებელი. სწავლების პროცესი ბავშვზეა ორიენტირებული, მაგრამ ამ პროცესს მასწავლებელი მართავს. უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვები მასწავლებლის თამაშს თამაშობენ და არა პირიქით.        
მეორე უკიდურესობაა ზედმეტი სიმკაცრე, მორალური წნეხი და ბავშვებთან პირადი კომუნიკაციის უქონლობა. გამოუცდელი მასწავლებელი პირველივე გაკვეთილიდან ზედმეტად მომთხოვნია. მისი ურთიერთობა ბავშვებთან მხოლოდ შიშს ემყარება. ასეთ მასწავლებლებთან მოსწავლეები ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდიან, ჩუმად სძულთ ის და მისი საგანი.
შეუსრულებელი დაპირება. ეს შეცდომა ძალიან გავრცელებულია მასწავლებლებში. უყურადღებობის თუ სხვა მიზეზის გამო მასწავლებელი, რომელიც არ ასრულებს დაპირებას, მოსწავლეების ნდობას სწრაფად კარგავს. ნდობის აღდგენა კი ძალიან რთულია. თუ ბავშვებს ექსკურსიას ან კინოში გასეირნებას შეპირდით, დაპირება უნდა აასრულოთ. თუ უთხარით, რომ ნიშნას დაუკლებთ/მოუმატებთ, უნდა დაუკლოთ/მოუმატოთ. თუ მშობლების გამოძახებით დაემუქრეთ, უნდა გამოიძახოთ. თუ ამას ჰაერზე ლაპარაკობთ და ასრულება არ უწერია, რისკის ქვეშ ხართ. დაპირების არშესრულებისთვის ობიექტური მიზეზი თუ გაქვთ, ამის შესახებ ბავშვებს, რაც შიძლება მალე უნდა აცნობოთ. გვიან ღამით, გაკვეთილისთვის საათობით ემზადება. პირველ სასწავლო წელს ასეთი ჩივილებით ვერავის გააკვირვებთ. დიახ, რთულია, მაგრამ თუ ეს წლების განმავლობაში გრძელდება, იქნებ რამეს არასწორად გეგმავთ? არ არის აუცილებელი ყოველ გაკვეთილზე ველოსიპედი გამოიგონოთ, გადაიკითხეთ მეთოდოლოგია, გაიზიარეთ კოლეგების გამოცდილება, იყავით ორიგინალური და შემოქმედებითი, მაგრამ ზომიერად, ნუ „გადაიწვებით”, თქვენს მოსწავლეებს საღ-სალამათი სჭირდებით.
დამოკიდებულება – „როგორც მიხდიან, ისე ვმუშაობ”. არცერთ პროფესიაში, მით უფრო მასწავლებლის, ასეთი დამოკიდებულება მისაღები არ არის. სკოლაში მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელმა უნდა იცოდეს რა პირობებში და გარემოში მოუწევს ყოფნა. თუ მოსწავლე ვერ აიყოლია, ეს ნაწილობრივ მისი პრობლემაა. სკოლის მასწავლებელი არ არის უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, რომელსაც შეუძლია ლექცია ფურცლიდან წაიკითხოს. მასწავლებელმა მოსწავლე უნდა აღზარდოს, დააინტერესოს, ახალი ცოდნა გაუზიაროს.    
ბავშვები და პროფესიული ეთიკა.  ბავშვებს უნდა აგრძნობინოთ, რომ პატივს სცემთ. არ იხუმროთ მათ სახელებთან დაკავშირებით, სერიოზულად აღიქვით მათი მოსაზრებები და გრძნობები. ბავშვმა შეიძლება რაიმე სისულელე გააკეთოს და უცოდინარობის გამო თქვას, მაგრამ ამის გამო არ უნდა დასცინოს. 
არასოდეს გაკიცხოთ სხვა მასწავლებელი მოსწავლეების თანდასწრებით. არასოდეს გაკიცხოთ მოსწავლე სხვა ბავშვების თანდასწრებით, თუ ის ამ პროცესს არ ესწრება.    
თვითკონტროლის უქონლობა.  ახალბედა მასწავლებელი გაკვეთილზე ხშირად კარგავს თვითკონტროლს მოჭარბებული ემოციების გამო. როგორც წესი, მოსწავლეებში ყოველთვის გამოერევიან ხმაურიანი, ურჩი, ენერგიულები ბავშვები, რომლებსაც მოსწონთ მასწავლებლის  მოთმინებას გამოცდა. ჩვენ ყველას გვყოლია ემოციური და კონტროლდაკარგული მასწავლებელი. ისინი სწორედ რომ ამით დაგვამახსოვრდნენ და არა იმით, რასაც გვასწავლიდნენ.
თვითკონტროლი მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ემოციების მართვა განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როდესაც მასწავლებელს მოთმინება ეწურება და მზად არის არა მხოლოდ ყვირილზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდეს. თუ როგორ უნდა მოთოკოს საკუთარი ემოციები მასწავლებელმა, ამის შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს. ყველაზე გავრცელებული რეკომენდაციაა ყურადღების გადატანა სხვა რამეზე, დროული პაუზის გაკეთება, გაფანტული აზრების თავმოყრა და გაკვეთილების შემდეგ ურჩ მოსწავლეებთან პირისპირ გასაუბრება. მშვიდობიანი გზით მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა არა მხოლოდ განმუხტავს კლასში არსებულ დაძაბულ სიტუაციას, არამედ ერთგვარი მაგალითიც იქნება მოსწავლეებისთვის.        

Wednesday, March 30, 2016

დაწყებითი სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში

დაწყებითი სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში

 a-  A+ 
მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არ მოიძებნება ხანა, რომელიც ბავშვის პიროვნების ფორმირებაში აქტიური ჩარევის, აღსაზრდელზე ზემოქმედების ისეთ ფართო შესაძლებლობას აძლევდეს აღმზრდელს, პედაგოგს, როგორსაც დაწყებითი სასკოლო პერიოდი. ამავე დროს, არც ერთ პერიოდში არ დგას აღმზრდელი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისას შეუმჩნეველი, გაუცნობიერებელი შეცდომების დაშვების ისეთი დიდი საშიშროების წინაშე, როგორისაც დაწყებით კლასებში. ამ პერიოდში აღმზრდელთა შეცდომები, რომელთა შედეგებიც, ჩვეულებრივ, მოგვიანებით იჩენს თავს, სავალალო დაღს ასვამს მოსწავლის პიროვნებას. უფროს სასკოლო ასაკში პედაგოგების მიერ შემჩნეულ იმ ნაკლოვანებათა გამოსწორების ყოველგვარი მცდელობა, რომლებიც წინა წლებში მოზარდთან არასწორი აღმზრდელობითი მუშაობის შედეგია, ხშირად უშედეგოდ მთავრდება.
ყოველივე ეს განპირობებულია პირველი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებებით, ამ ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება კი ის არის, რომ ამ პერიოდში ბავშვი უფროსების, განსაკუთრებით – მასწავლებლის, ყოველგვარ შეფასებას, შენიშვნას, გაკიცხვასა თუ საყვედურს უკრიტიკოდ, მორჩილად იღებს, განურჩევლად იმისა, სამართლიანი და ობიექტურია ის თუ უსამართლო და მიკერძოებული. მასწავლებლის ყოველგვარი ზემოქმედების უკრიტიკოდ მიღება მოსწავლის მიერ განპირობებულია იმით, რომ სასკოლო ცხოვრების დასაწყისში პედაგოგი ბავშვისთვის ხელშეუხებელ და უცილობელ ავტორიტეტს წარმოადგენს. პატარებს ეჭვი არ ეპარებათ მასწავლებლის ქცევის მართებულობაში და მისი განხილვის საჭიროებას ვერ გრძნობენ. უმცროს კლასელებს სიტყვისა და მოქმედების არავითარი მოტივირება, არავითარი არგუმენტაცია არ სჭირდებათ და არც ელიან მასწავლებლისგან. ეს, ერთი მხრივ, მოსწავლეებზე აღმზრდელობითი ზემოქმედების დიდ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, მეორე მხრივ კი ხელს უშლის, დაინახოს საკუთარი შეცდომები მოსწავლის ცოდნისა და პიროვნების შეფასების, ამა თუ იმ სააღმზრდელო ღონისძიების გამოყენებისას. გარდამავალ და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის ჯიუტობა, უხეშობა, უკმაყოფილება მასწავლებლის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ამა თუ იმ სააღმზრდელო ღონისძიების გამოყენების, მოზარდის ცოდნისა და პიროვნების შეფასების დროს ერთგვარად სასიგნალო ფუნქციას ასრულებს პედაგოგებისთვის და ყველა თუ არა, ზოგიერთი მათგანი მაინც საჭიროდ მიიჩნევს, ანალიზისა და კრიტიკის საგნად აქციოს თავის მიერ გამოყენებულ ღონისძიებათა ვარგისობა და სამართლიანობა, და თუ ასეთი პედაგოგი მასთან კონფლიქტში მყოფ მოსწავლესთან ურთიერთობისას ვეღარაფერს შეცვლის, შეეცდება მაინც, სხვასთან აღარ მოუვიდეს იგივე შეცდომა და ურთიერთობა სხვაგვარად წარმართოს.
ვინაიდან დაწყებით კლასებში მასწავლებელი არც ერთი აღმზრდელობითი ღონისძიების გამოყენებისას არ აწყდება ბავშვის წინააღმდეგობას, მას არავითარი კრიტერიუმი არ გააჩნია საკუთარი მოქმედების სამართლიანობისა და ვარგისობის შესაფასებლად და ამიტომ ნაკლებად მიმართავს თვითკრიტიკას, საკუთარი აღმზრდელობითი ზემოქმედების კრიტიკულ ანალიზს. ყოველივე ამან კი, ადვილი შესაძლებელია, ხელი შეუწყოს მასწავლებლის მიერ არასწორი აღმზრდელობითი ღონისძიებების სისტემატურ გამოყენებას, ეს კი, თავის მხრივ, მოსწავლის პიროვნების განვითარების მცდარი გეზით წარმართვის მიზეზად იქცეს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია საფრთხე სასაკოლო ცხოვრების დასაწყისში, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დროს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, რამდენად მიმზიდველი და საინტერესო იქნება მისთვის სკოლა და სწავლის პროცესი.
სამწუხაროდ, პედაგოგებისა და მშობლების უმრავლესობას არასწორად ესმის ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის ცნება. მათი აზრით, სკოლასთან ადაპტაცია ნიშნავს მასწავლებლისადმი ბავშვის უსიტყვო მორჩილებას, მისი მოთხოვნების უსიტყვო და განუხრელ შესრულებას. უნდა ითქვას, რომ ბავშვების უმრავლესობას ძალიან ადვილად, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოუმუშავდება აღნიშნული უნარი, მაგრამ რაკი მასწავლებლისადმი უსიტყვო მორჩილება უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მხოლოდ ეს უნარი ვერ გამოდგება იმის შესაფასებლად, როგორ მიმდინარეობს და როდის მთავრდება ამა თუ იმ ბავშვში სკოლასთნ ადაპტაციის პროცესი. ზოგიერთი პედაგოგის აზრით, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესი სულ რამდენიმე კვირას უნდა გაგრძელდეს და თუ ის ამ ხნის განმავლობაში ვერ მიეჩვია სკოლის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, მასთან საგანგებო მუშაობაც ვეღარაფერს შეცვლის, ადრე თუ გვიან ის მაინც ძნელად აღსაზრდელთა რიგებში მოხვდება. ხშირად უფროსები ამა თუ იმ მოსწავლის შესახებ ასეთ წარმოდგენას მასთან უშუალო ურთიერთობის დროსაც ვერ მალავენ და ადვილი შესაძლებელია, სასკოლო ცხოვრების დასაწყისში მასწავლებლის ასეთი შეფასებითი დამოკიდებულებით დაღდასმული ბავშვი მომავალში მართლაც მოხვდეს სკოლის რეჟიმს შეუგუებელ და ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეთა რიცხვში. თავისთავად ცხადია, მიზეზთა გამო შეუძლებელია, სკოლასთან ადაპტაციის პროცესი ყველა ბავშვში ერთნაირად წარიმართოს და ერთსა და იმავე ხანს გაგრძელდეს, ამიტომ, თუნდაც მოსწავლეს სკოლაში მისვლიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი უჭირდეს სკოლის მოთხოვნების შესრულება, ეს არ გვაძლევს უფლებას, მასთან მუშაობა უშედეგოდ და უიმედოდ მივიჩნიოთ და მასში აუცილებლად ძნელად აღსაზრდელი მოსწავლე დავინახოთ. ამასთან, არც უსიტყვო მორჩილებაა იმის ნიშანი, რომ სკოლასთან ადაპტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და მოსწავლის ადაპტაციის დონე მაღალია. ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დონისა და ხასიათის განსაზღვრისთვის აუცილებელია ვიცოდეთ: პირველკლასელის სკოლისადმი დამოკიდებულების ხასიათი; რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ის წაყენებულ მოთხოვნებს; როგორ ითვისებს სასწავლო მასალას; რამდენად ყურადღებიანია გაკვეთილზე; აინტერესებს თუ არა ის, რასაც გაკვეთილზე ეუბნებიან; შეუძლია თუ არა დავალებების გარეგანი კონტროლის გარეშე შესრულება; როგორია მისი სოციალური სტატუსი კლასში; იჩენს თუ არა ინტერესს დამოუკიდებელი სასწავლო საქმიანობისადმი.
სასკოლო ცხოვრების დასაწყისი ძალზე სათუთი და ყველაზე კეთილსასურველი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოუმუშავდეს, ამისთვის კი აუცილებელია, პედაგოგმა შთაუნერგოს მას საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ხელი შეუწყოს საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურ შეფასებაში, მით უმეტეს, რომ ადეკვატური თვითშეფასება სკოლასთან ბავშვის ადაპტაციის და მასთან ურთიერთობისას მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების ხელშემწყობი ფაქტორია. ვინაიდან თვითშეფასება – საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი – სასკოლო ცხოვრების დასაწყისში ბავშვს ძირითადად მასწავლებელთან შეფასებითი დამოკიდებულების, მასწავლებლის მიერ მისი პიროვნებისა და შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე უყალიბდება, აღნიშნულ პერიოდში პედაგოგს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ბავშვის პიროვნების, მისი თვისებებისა და შესაძლებლობების შეფასების დროს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ბავშვზე სასკოლო ცხოვრების დასაწყისში მისი პიროვნების უარყოფითი შეფასება მასწავლებლის მხრივ. საყურადღებო ფაქტად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მთელი სასკოლო ცხოვრების განმავლობაში პედაგოგები ყველაზე ხშირად დაწყებით კლასებში იყენებენ უარყოფით შეფასებებს – სწორედ იმ პერიოდში, როცა ბავშვებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ ეს. ამას ალბათ ხელს უნდა უწყობდეს უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურება – უსიტყვოს დაემორჩილოს მასწავლებელს და მისი ყოველგვარი შეფასება უკრიტიკოდ მიიღოს. სავარაუდოდ, ბავშვის ამ ასაკობრივი თავისებურების გამო ამ პერიოდში ბევრი პედაგოგი უხვად იყენებს გამკიცხავ სიტყვებს – როგორც საჭიროებისას, ასევე მაშინაც, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებელი კიცხავს დაწყებითი კლასის მოსწავლეს იმის გამო, რომ მან ვერ გაიგო მისი ახსნილი, ვერ დაწერა ისე, რომ მასწავლებელს მოსწონებოდა, ვერ კითხულობს ისე სწრაფად და უშეცდომოდ, როგორც მასწავლებელი მოითხოვს მისგან. ასეთ დროს მასწავლებლის საყვედურები უფრო მეტად აშინებს, აბნევს ბავშვს, აეჭვებს საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ ძალებში, ყოველივე ეს კი მის მოქმედებას გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებს. ამიტომ სასურველია, დაწყებით კლასებში რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ უარყოფითი შეფასება, იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ ბავშვს. დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი სწავლის პირველ წელს, მოსწავლე თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური ამოქმედებით ცდილობს შეასრულოს მასწავლებლის ყოველი დავალება და თუ რაიმე ისე არ გამოსდის, როგორც მისგან მოითხოვენ, კი არ უნდა გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ, არამედ უნდა დავეხმაროთ. დაწყებით კლასებში მოსწავლის მიმართ უარყოფითი შეფასების, გამკიცხავი სიტყვებისა და საყვედურების გამოყენება იმითაც არის ცუდი, რომ ამ პერიოდში ძირითადად მასწავლებლის შეფასებასა და მოქმედებაზეა დამოკიდებული, როგორ შეაფასებენ მოსწავლეს თანატოლები, როგორი წარმოდგენა შეექმნებათ მასზე, როგორ განხორციელდება მასთან სოციალური ადაპტაციის პროცესი და რა ადგილს დაიკავებს ის თანატოლთა შორის, როგორი იქნება მისი სოციალური სტატუსი ჯგუფში. ცნობილია, რომ თუ ბავშვი დაწყებით კლასებში ხშირად იმსახურებს მასწავლებლისგან უარყოფით შეფასებას, თანატოლებს მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება გამოუმუშავდებათ – არ სურთ მასთან თამაში, გაურბიან მასთან ურთიერთობას. თანაკლასელების ასეთი დამოკიდებულების გამო ბავშვი ხდება ჩაკეტილი, გულჩათხრობილი, გაკვეთილზე პასუხის დროს შიში ეუფლება და მაქსიმალურად ვერ ავლენს თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს. ამ პერიოდში ის არავითარ ხერხს არ მიმართავს, რომ თანატოლებს მისდამი დამოკიდებულება შეაცვლევინოს, მოგვიანებით კი, როცა მას სოციალური აღიარების მოთხოვნილება გაუჩნდება, ის ყოველ ღონეს ხმარობს თანატოლთა მხრივ აღიარებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად და ამისთვის ხშირად არცთუ სასურველ გზას ირჩევს – იწყებს გაკვეთილზე ცელქობას, ხელს უშლის მასწავლებელს, ცდილობს მის წონასწორობიდან გამოყვანას, რის გამოც ხშირად იმსახურებს შენიშვნებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ აღელვებს; პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება ხშირად მიიღოს შენიშვნა და საყვედური, რადგან ეს საშუალებას აძლევს, ხშირად მოხვდეს თანატოლთა ყურადღების ცენტრში. თუ ასეთმა მოსწავლემ მაინც ვერ დაიკავა ჯგუფში სასურველი ადგილი და თანატოლთა მხრივ აღიარებას ვერ მიაღწია, ის სხვა გზების ძებნას იწყებს. ეძებს ადამიანებს, რომლებიც მას აღიარებენ და პატივს სცემენ; მათ უმეტესად ქუჩაში პოულობს და ადვილად ექცევა ქუჩის გავლენის ქვეშ. ასე ყალიბდება სისტემატური უარყოფითი შეფასების საფუძველზე გართულებული სოციალური ადაპტაციის შედეგად ერთ დროს მშვიდი, წყნარი, გულჩათხრობილი, დამჯერი, უწყინარი ბავშვისგან, რომელიც უსიტყვოდ და უკრიტიკოდ იღებდა მასწავლებლის ყოველ შენიშვნასა და საყვედურს, ძნელად აღსაზრდელი და მომავალში საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. ამიტომ დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში, ყოველნაირად უნდა ვერიდოთ ბავშვის პიროვნებისა და შესაძლებლობების უარყოფით შეფასებას, მეტადრე – მისი თანატოლების თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ეს შესაძლოა დაუძლეველ სირთულეთა აღმოცენების მიზეზად იქცეს.

Sunday, March 6, 2016

ქეისებით სწავლება

ქეისებით სწავლება

 a-  A+ 
მანანა ბოჭორიშვილი
ქეისებით სწავლების ძირითადი დანიშნულებაა, ასწავლოს მოსწავლეებს ისეთი რთული არასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა, რომელთა ანალიზური ხერხით ამოხსნა შეუძლებელია. მეთოდის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს პრობლემური სწავლების პრინციპების გამოყენება – რეალური პრობლემების გადაჭრის უნარების გამომუშავება.
მეთოდი ავითარებს:
. შემოქმედებით აზროვნებას;
. ანალიტიკურ აზროვნებას;
. გუნდში მუშაობის უნარს;
. რეალური პრობლემების გადაჭრის უნარს;
. უმარტივესი განზოგადების უნარს;
. პრეზენტაციის უნარს;
. კითხვის ფორმულირებასა და პასუხის არგუმენტირების უნარს.

ქეისების კლასიფიკაცია
კლასიფიკაციის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა სირთულის მიხედვით კლასიფიკაცია. ამასთან, განასხვავებენ:
საილუსტრაციო სასწავლო სიტუაციები
სასწავლო სიტუაციები
სასწავლო სიტუაციები
წვრთნები
ქეისები, რომელთა მიზანია
ცალკეულ პრაქტიკულ მაგალითებზე გამოუმუშავოსმოსწავლეს
კონკრეტულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების
ალგორითმი;
ქეისები პრობლემის ფორმირებაზე,
რომლებშიც აღწერილია სიტუაცია დროის კონკრეტულ პერიოდში. ასეთი
ქეისის მიზანია სიტუაციის დიაგნოსტირება და დამოუკიდებელი
გადაწყვეტილების მიღება;
ქეისები პრობლემების ფორმირების გარეშე,
რომელშიც წინა ვარიანტთან შედარებით უფრო რთული სიტუაცია
განიხილება, სადაც პრობლემა მკაფიოდ კი არაა ჩამოყალიბებული,
არამედ სტატისტიკური მონაცემების სახითაა მოცემული. ასეთი
ქეისის მიზანია პრობლემის დამოუკიდებლად განსაზღვრა, არსებული
რესურსების ანალიზით მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების
მოძიება;
გამოყენებითი წვრთნები, რომელიც ასახავს კონკრეტულ არსებულ
ვითარებას და თავაზობს გამოსავალის მოძებნას. ქეისის მიზანი ამ
შემთხვევაში არის პრობლემების გადასაჭრელად გზების ძიება.
ქეისების კლასიფიკაცია შეიძლება სწავლების მიზნებისა და ამოცანების მიხედვითაც. ამ კუთხით შეიძლება გამოიყოს:
1. ქეისები ანალიზისა და შეფასების შესასწავლად;
2. ქეისები პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების შესასწავლად;
3. პრობლემის გადაჭრის ან მთლიანად კონცეფციის ამსახველი ქეისები.
მნიშვნელოვანია ქეისების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით:
. სტრუქტურირებული ქეისი, რომელშიც დამატებითი ინფორმაცია მინიმალურია. მასთან მუშაობისას მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კონკრეტული მოდელი ან ფორმულა, ამ ტიპის ქეისებს აქვთ ოპტიმალური გადაწყვეტა.
. მცირე მონახაზი რომელიც შეიცავს რამდენიმეგვერდიან ტექსტს და 1-2 დანართს. ისინი მხოლოდ ძირითად ცნებებს აცნობენ და მათი ანალიზისას მოსწავლე უფრო საკუთარ ცოდნას უნდა დაეყრდნოს.
. დიდი – 10-50 გვერდიანი – არასტრუქტურირებული ქეისები – ყველაზე რთულია ამ სახის სასწავლო დავალებებს შორის. მათში უსარგებლო ინფორმაცია ზოგჯერ ძალზე დეტალურად არის მოცემული, საჭირო მონაცემები კი, პირიქით, შესაძლოა არ იყოს. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ასეთი შეფარული მზაკვრობა და თავი გაართვას მას.
. პიონერული ქეისები – მათი ანალიზი მოითხოვს არა მარტო უკვე ათვისებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებას, არამედ რაიმე ახლის შეთავაზებასაც. ამასთან, მოსწავლეები და მასწავლებლები მკვლევართა როლში გამოდიან. 
ქეისების ამოხსნა რეკომენდებულია 5 ეტაპად:
პირველი
ეტაპი
  სიტუაციის და მისი თავისებურებების გაცნობა


მეორე
ეტაპი
 – ძირითადი პრობლემ(ებ)ის გამოყოფაიმ ფაქტორებისა და პირების გამოყოფა, რომთა
გავლენა გასათავლისწინებელია


მესამე
ეტაპი
 – გადაწყვეტისთვისკონცეფციების
ან თემების შეთავაზება



მეოთხე
ეტაპი
 – ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგების ანალიზი


 მეხუთე
ეტაპი
 – ქეისის ამოხსნა – ერთი ან რამდენიმე ვარიანტი (ქმედებათა თანმიმდევრობა, მითითება შესაძლოპრობლემებზე, მათი პრევენციისა და გადაჭრის მექანიზმები

ქეისის ზომას უშუალო კავშირი აქვს მის დანიშნულებასთან. რამდენიმეგვერდიანი მინიქეისი ერთ გაკვეთილს იკავებს, საშუალო ზომისა – 2 საათს, ხოლო დიდი ქეისი შესაძლოა რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მუშავდებოდეს. არსებობს ქეისები დანართებითა და დანართების გარეშე.

ქეისსწავლება როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგია

ქეისსწავლების მთავარი სირთულეა დისკუსიის მონაწილეთა შეფასება. ცოდნის შემოწმება და შეფასება უნდა წარიმართოს სწავლების დიდაქტიკური პრინციპების შესაბამისად. საჭიროა, მოსწავლე შეფასდეს დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის ან ზეპირი პრეზენტაციისთვის, რაც მოიცავს:
1. გამოსვლას, რომელიც აღწერს სერიოზული წინასწარი ანალიზის მცდელობას (სწორი ვარაუდები, კარგი მომზადება, არგუმენტირება და ა. შ. )
2. ყურადღების გამახვილება ზოგიერთ საკითხზე, რომლებიც საფუძვლიან განხილვას მოითხოვს;
3. კატეგორიების აპარატის ფლობა, ცნებათა განმარტების, შინაარსის წვდომის სწრაფვა;
4. ლოგიკური აზროვნების უნარის დემონსტრირება;
5. ისეთი ალტერნატივების შეთავაზება, რომლებიც ადრე უგულებელყოფილ იქნა;
6. კონკრეტული სამოქმედო გეგმის ან გადაწყვეტის გეგმის შეთავაზება;
7. იმ არსებითი ელემენტების განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია ქეისის ანალიზისთვის;
8. რაოდენობრივი მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა;
9. განხილვის შედეგების შეჯამება.

ქეისის ანალიზის წერილობითი სახით წარდგენისას შეფასებისას გასათვალისწინებელია:
. პრობლემათა ანალიზი;
. ჩატარებული რაოდენობრივი გათვლები;
. დამოუკიდებელი დასკვნები;
. ინფორმაციის დამუშავების ადეკვატური მეთოდები;
. მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტები;
. ანალიზის შედეგად გამოტანილი არგუმენტები.

განვიხილოთ ქეისის აგების პრინციპები.
ქეისის შექმნის პროცესს რამდენიმე ძირითადი ეტაპი აქვს:
1. ქეისის დიდაქტიკური მიზნების ფორმირება – ეს ეტაპი გულისხმობს სასწავლო კურსის, სილაბუსის, სტრუქტურაში ქეისის ადგილის განსაზღვრას, მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებას, მოსწავლეების ცოდნისა და უნარების დონესთან შესაბამისობას;
2. პრობლემური სიტუაციის განსაზღვრა;
3. ქეისის პროგრამული რუკის შედგენა, ძირითადი თეზისები, რომელთა ტექსტში ჩართვაც აუცილებელია;
4. ძიება ინტეგრირების სისტემისა, რომელსაც პირდაპირი პროგრამული კავშირი აქვს ესგ გამჭოლ პრიორიტეტებთან;
5. ამ ინტეგრირების სისტემაში ქეისის თეზისებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეკრება;
6. აგება ან არჩევა სიტუაციის მოდელისა, რომელიც ასახავს იმ შედეგებსა და ინდიკატორებს, რომელთა შესასრულებლადაცაა მიმართული სილაბუსის ესა თუ ის ნაწილი;
7. ქეისის ჟანრის არჩევა;
8. ტექსტის დაწერა;
9. ქეისის მართებულობისა და ეფექტურობის დიაგნოსტიკა, მეთოდური სასწავლო ექსპერიმენტის ჩატარება ქეისის ეფექტურობის შესამოწმებლად;
10. ქეისის საბოლოო ვარიანტის მომზადება;
11. ქეისის პრაქტიკული გამოყენება;
12. ქეისის მეთოდური რეკომენდაციების მომზადება.
დავალებებისა და სადისკუსიო კითხვების შემუშავებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 
. ქეისი უნდა იყოს საინტერესო, ადვილი და გასაგები ენით დაწერილი;
. გამოირჩეოდეს პრობლემურობით, განსაზღვრავდეს პრობლემის არსს;
. წარმოაჩენდეს როგორც დადებით, ასე უარყოფით მაგალითებს;
. შეესაბამებოდეს შერჩეულ მოსწავლეთა მოთხოვნილებებს, აწვდიდეს მათ აუცილებელ და საკმარის ინფორმაციას.
ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეები აკეთებენ თანამიმდევრულ ჩანაწერებს პრობლემის გადასაჭრელად ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ეს მეთოდი უფრო პროცესზეა ორიენტირებული და არა შედეგზე. მას პრობლემის გადაჭრის პროცესის შეფასებაც კი შეიძლება ვუწოდოთ. იმისთვის, რომ პრობლემის გადაჭრის პროცესი უფრო ნათელი გახდეს, გავიხსენოთ, რა არის პრობლემა და ჩამოვთვალოთ მისი გადაჭრის შესაძლო ეტაპები, რომლებიც, რა თქმა უნდა, საგნისა და პრობლების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეულწილად სხვადასხვანაირი იყოს:
პრობლემად ითვლება ისეთი სიტუაცია, რთული საკითხი, ამოცანა, რომელიც შესწავლას და მოგვარებას მოითხოვს. პრობლემის მოგვარება გულისხმობს განსზაღვრული პრობლემის ამოსახსნელი პირობების, ხერხების ან დამხმარე საშუალებების მოფიქრებას კრიტიკული და შემოქმედებითი გზით.
პრობლემის მოგვარება წარმოადგენს რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევას, რომელიც ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებას ეფუძნება.
პრობლემის მოგვარების შესაძლო ეტაპებია:
1. პრობლემის განსაზღვრა;
2. სათანადო ინფორმაციის შეგროვება;
3. პრობლემის შესაძლო მიზეზების დადგენა;
4. პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხის მოფიქრება;
5. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა;
6. პრობლემის გადაჭრის გეგმის ჩამოყალიბება;
7. შედეგების შემოწმება და შეფასება .
 
პრობლემების გადასაჭრელად მოსწავლეების მიერ გადადგმული ნაბიჯების აღწერას, ანუ პროცესის შეფასებას პედაგოგისთვის სამი მიზანი აქვს:
1. შეაფასოს, როგორ მოაგვარებენ მოსწავლეები პრობლემებს;
2. განსაზღვროს, რამდენად კარგად ესმით და აღწერენ ისინი პრობლემის მოგვარების პროცესს;
3. შეისწავლოს მოსწავლეთა აზროვნების პროცესი და მათთან ერთად განიხილოს პრობლემის გადაჭრის წარმატებული და წარუმატებელი გზები.
ეს მეთოდი საშუალებას აძლევს პედაგოგს, გააანალიზოს მოსწავლეთა ჩანაწერები. ჩანაწერების ანალიზის შედეგად მას შეუძლია
. გაიგოს, პრობლემის გადაჭრის როგორი უნარ-ჩვევები აქვს თითოეულ მოსწავლეს;
. მისცეს მოსწავლეს დროული და მნიშვნელოვანი რჩევები, რომელთა დახმარებითაც ის უკეთ მიხვდება საკუთარ შეცდომას და პრობლემის მოგვარების პროცესის კონტროლს ისწავლის.
პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი პროცედურების ცოდნა და გამოყენება მნიშვნელოვანია ნებისმიერი საგნის შესასწავლად.
პედაგოგმა პრობლემა ისე უნდა დასვას, რომ მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების საშუალება მისცეს.
პრობლემის მოგვარების პროცესის შეფასების სასწავლო მიზნებია:
. მოსწავლეთა მიერ ნაცნობი პრინციპების განზოგადება და პრობლემებთან მისადაგება;
. პრობლემის მოგვარების უნარ-ჩვევების განვითარება;
. საგნის სპეციფიკის გათვალისწინება;
. სწავლის სტრატეგიებისა და უნარ-ჩვევების განვითარება;
. ქეისის ამოხსნისას საჭირო ცოდნისა და უნარის ტრანსფერი.